
მესტიის სოფლებსა და დასახლებებში უკანონო მაინინგის გამოსავლენად საერთო მრიცხველებიც დამონტაჟდება - ჟორჟოლიანი
მესტიის მუნიციპალიტეტში არალეგალური კრიპტომაინინგის იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველები დამონტაჟდება, რომლებიც კონკრეტულ დასახლებებსა და სოფლებზე იქნება მიბმული. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
bm.ge დაინტერესდა, იქნება მხოლოდ საერთო თუ ინდივიდუალური მრიცხველები, რაზეც ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ ეტაპობრივად ორივე დამონტაჟდება. სემეკში და "ენერგო პრო-ჯორჯიაში" არც ერთ დამატებით კითხვაზე არ პასუხობენ. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, უწყებასთან დეტალებს ვაზუსტებთ.
ჟორჟოლიანის განმარტებით, მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, რომელიც კრიპტომაინინგს უკავშირდება და აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მანვე აღნიშნა, რომ 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 133 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.
გამანაწილებელ კომპანიაში კი bm.ge-ს გუშინ უთხრეს: "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".
BM.GE
წყარო: bm.ge