
მეტე ფრედერიკსენმა დანიის ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოსტზე მესამე ვადით ბრუნდება. მედიაგამოცემა DR-ის ინფორმაციით, ოთხპარტიული მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატებს“, „მოდერატებს“, „მწვანე მემარცხენეებსა“ და „სოციალ-ლიბერალებს“ გააერთიანებს. ახალი კოალიცია ჩაანაცვლებს მოქმედ მთავრობას, რომელშიც „სოციალ-დემოკრატებთან“ და „მოდერატებთან“ ერთად, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია Venstre შედიოდა.
როგორც ირკვევა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს საღამოს მეფე ფრედერიკ X-ს ოდენსეს პორტში, სამეფო გემზე შეხვდა და კოალიციის ფორმირების შესახებ ოფიციალურად აცნობა. ფრედერიკსენის განცხადებით, ახალი სამთავრობო პროგრამა მიმდინარე კვირის ბოლომდე წარდგება, ხოლო მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობაც მალევე გახდება ცნობილი. მეფის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის ახალი მთავრობის წევრებთან შეხვედრას კვირის მიწურულს გეგმავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამთავრობო კოალიციის ფორმირების პროცესი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ის დანიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ფრედერიკსენმა მოლაპარაკებების სირთულე აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მისი თქმით, ახალი პროგრამა დადებით შედეგს მოუტანს როგორც დანიის მოსახლეობას, ისე მომავალ თაობებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, მიმდინარე წლის 24 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე „სოციალ-დემოკრატებმა“ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ფრედერიკსენმა მოლაპარაკებების მართვა და ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო.
ცნობისთვის, დანიის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვის საკითხზე დაუპირისპირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge