
"მეცხოველეობა-მეფრინველეობის და მეთევზეობის სექტორები დიდ მხარდაჭერას საჭიროებენ" - ბექა ბექაია
"ნუტრიმაქსი" არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომლებსაც, BAG ინდექსის თანახმად, მოთხოვნის კლება შეეხოთ - ამის შესახებ "ანალიტიკის" ეთერში კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა - გამოკითხული კომპანიების 32%-მა ეს ფაქტორი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ გარემოებად დაასახელა.
"ჩვენ შემთხვევაში, მოთხოვნის შემცირება არ დაგვტყობია, თუმცა ეს კონკრეტული კომპანიის შემთხვევაა და შეიძლება ჩვენს სექტორში სხვა კომპანიებს სხვანაირი სიტუაცია ჰქონდეთ, სხვა სექტორებს კიდევ მით უმეტეს.
ჩვენ უფრო ექსპორტზე ვართ დამოკიდებული, თან ჩვენი სფერო არის პირველადი მოხმარების, კვების სექტორი... აქედან გამომდინარე, კონკრეტული მხარდაჭერის საჭიროება ჩვენ არ გვაქვს, არც ჩვენს სექტორს აქვს და, მგონია, რომ არც ჩვენს პარტნიორ თუ კონკურენტ კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ შემთხვევაში შედარებით დადებითი ტენდენციებია. ზრდა გვაქვს საქართველოშიც, ექსპორტზეც და, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციას და დაძაბულობას, სხვა კუთხით რყევებს არ ველოდებით", - განაცხადა ბექა ბექაიამ.
ბიზნესისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კომპანიების გამოკითხვისას გამოიკვეთა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია - ეს ფაქტორი გამოკითხული ბიზნესების 53%-მა დაასახელა. ბექაიას თქმით, "ნუტრიმაქსი" ერთ-ერთი მათგანია.
"როდესაც ვავსებთ ხოლმე ამ კითხვარს, მარეგულირებელ გარემოს ერთ-ერთ ნეგატიურ მხარედ ჩვენც მოვიხსენიებთ. ზოგადად, ვფუნქციონირებთ, ვმუშაობთ და ბევრ სახელმწიფო უწყებასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები. მაგალითად, სასამართლო სისტემა, რომელიც გადატვირთულია.
ჩვენ დიდი სამართლებრივი დავები არ გვაქვს, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდა, თუმცა მცირე დავები, რომლებიც გვაქვს, წლების განმავლობაში - ხანდახან 3-4 წელიც კი - განხილვის გარეშე რჩება. ეს გვიჩენს მოლოდინს, რომ მომავალში მართლაც სერიოზული დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი პრობლემის წინაშე დავდგეთ. სწორედ ამიტომ, კითხვარის შევსებისას ამ საკითხს ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რათა სიტუაცია გამოსწორდეს", - აღნიშნა ბიზნესმენმა.