
მერია, რუსთაველის პარალელურად, მისი მიმდებარე - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირის პარალელურად, მისი მიმდებარე - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს. ამის შესახებ მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს.
„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.
BM.GE
წყარო: bm.ge