
Microsoft-ის შემოსავალმა $90 მილიარდს გადააჭარბა - კომპანიის აქციების ფასი პრემარკეტზე 8%-ით გაიზარდა
Microsoft-მა მეოთხე ფისკალურ კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა და რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები დააფიქსირა. არსებული ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალურმა შემოსავალმა $90.01 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი და Wall Street-ის მიერ ნავარაუდებ $87.62 მილიარდს $2.5 მილიარდით აღემატება. ამასთან, თუ გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $27.23 მილიარდი ($3.65 თითო აქციაზე) შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელმა $35.77 მილიარდს მიაღწია, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $4.74 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $4.24-ის მაჩვენებელზე მაღალია.
კომპანიის შემოსავლების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა დარჩა. Intelligent Cloud-ის მიმართულების შემოსავალი 31.6%-ით გაიზარდა და $39.31 მილიარდს მიაღწია, რაც StreetAccount-ის მიერ პროგნოზირებულ $38.16 მილიარდს აღემატება. ამავე სეგმენტში შემავალი Azure-ის პლატფორმის ზრდამ 43% შეადგინა, რის შედეგადაც ფისკალურ 2026 წელს Azure-ის წლიურმა შემოსავალმა ისტორიაში პირველად $100 მილიარდს გადააჭარბა.
პარალელურად, Productivity and Business Processes-ის სეგმენტმა, რომელიც Office-სა და LinkedIn-ს მოიცავს, $37.85 მილიარდის შემოსავალი მოიტანა, ხოლო Microsoft 365 Copilot-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ფასიანი მომხმარებლების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Microsoft-მა მომავალი კვარტლისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა. პირველ ფისკალურ კვარტალში კომპანია $89.85-დან $90.95 მილიარდამდე შემოსავალს ელოდება, რაც 16%-იან ზრდას ნიშნავს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო კვარტალში კომპანიის კაპიტალურმა დანახარჯებმა $41 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 69%-ით მეტია. კომპანიის ფინანსურმა დირექტორის, ემი ჰუდის განმარტებით, მიღებულმა სარგებელმა უკვე ცხადჰყო, რომ ეს გამართლებული ხარჯი იყო და რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, 2027 ფისკალურ წელს ამ მიმართულებით დანახარჯები კიდევ უფრო გაიზარდა. საყურადღებო ფაქტია, რომ ამ მოცემულობით კომპანია საოპერაციო ფულადი ნაკადების დადებით მაჩვენებელს კაპექსის ზრდის შემდეგაც კი შეინარჩუნებს.
ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Microsoft-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $425.08-ად იყიდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $3.16 ტრილიონს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge