მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC
მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 18:25|bm.ge

"მიგვაჩნია, რომ პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს", - ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტი (SJC) საარსებო შემწეობის მიმღებთა მკვეთრ შემცირებას.

მიმდინარე წლის 9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყანაში 163 ათასით შემცირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია. დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:

• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (-35.6%); • გურია (-30.4%); • კახეთი (-28.6%); • სამცხე-ჯავახეთი (-28.3%); • მცხეთა-მთიანეთი (-27.3%); • იმერეთი (-27.1%); • სამეგრელო-ზემო სვანეთი (-27%); • შიდა ქართლი (-26%); • აჭარის ა/რ (-21.1%); • თბილისი (-17.5%); • ქვემო ქართლი (-15.9%).

პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში.

"ცხადია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოაქვეყნოს მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

ჩვენი შეფასებით, სულ რამდენიმე თვეში შემწეობის მიმღებთა ამგვარი დრამატული კლება ორ ძირითად პროცესთანაა დაკავშირებული:

• საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმება: ქვეპროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის (სარეიტინგო ქულით 120 000 და ნაკლები) იყო განკუთვნილი და მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა. 2022-2024 წლებში, ამ მექანიზმით 40 000-მდე სოციალურად დაუცველმა ისარგებლა, ხოლო 2026 წლიდან ინიციატივა გაუქმდა. მონაცემების ანალიზისას ჩანს, რომ შემწეობის მიმღებთა შემცირებული რაოდენობის 64% სწორედ ამ მექანიზმის გაუქმებასთანაა დაკავშირებული. ქვეპროგრამაში ჩართულ ოჯახებს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. საშეღავათო დროის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არსებობს ათიათასობით ადამიანი, რომელთაც ამგვარი ფორმით უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება. თუმცა, ამგვარი ბენეფიტის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. კერძოდ, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველის გარანტირებული სტატუსის მქონე 245 995 ადამიანი აღირიცხებოდა, ხოლო სექტემბრის მდგომარეობით - უკვე 141 653. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან არ ჩანს, თუ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ოჯახების რა წილი ვარდება სრულად საარსებო შემწეობის სისტემიდან და რამდენს უგრძელდება დახმარება ჩვეულებრივი რეჟიმით. • საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება: მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივი გადამოწმება დააანონსა. მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება აღარ ესაჭიროებოდათ, ხოლო პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამოწმებების პრაქტიკულად შეჩერების გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესის განხორციელება აუცილებელი იყო.

მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების პროცესი არაერთ კითხვას აჩენს ამ პროცესის ჩატარების დროსთან, ინსტრუმენტებსა თუ ეფექტებთან დაკავშირებით", - აცხადებენ სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.

მიმდინარე პროცესების დაკვირვების შედეგად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია რამდენიმე ტენდენციას აჩვენებდეს.

ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი 33%-ს აღემატება. მისი მითითებით, სოციალური ხარჯები დასაშვები ნორმისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, ხოლო მისი გადალახვა ხელს შეუწყობს ინფლაციას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კუთხით, საარსებო შემწეობის პროგრამის ბენეფიციარების მკვეთრი შემცირება სოციალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

აღნიშნული პროცესების კიდევ ერთ მიზეზს, სავარაუდოდ, სიღარიბისა და საარსებო შემწეობის სტატისტიკის შედარებითი თანხვედრის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად აპელირებს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებაზე, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს ქმნიდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დამატებითი განმარტებები გააკეთოს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ,

• უზრუნველყონ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების მიზეზებისა და შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის საჯაროობა. • შეაფასოს მიმდინარე ცვლილებების გავლენა სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებსა და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე. • წარმოადგინოს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ყოფილი მონაწილეების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა. • დაიწყოს საარსებო შემწეობის სისტემის მეთოდოლოგიისა და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმების სისტემური გადახედვა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი შემცირდა, თუმცა აშშ-ში გაყიდვები გაიზარდა

BM.GE

2025 წელს მენეჯერულ პოზიციაზე საშუალო ხელფასი ₾3 609 იყო | საქსტატი

2025 წელს მენეჯერულ პოზიციაზე საშუალო ხელფასი ₾3 609 იყო | საქსტატი

BM.GE

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

BM.GE