
მიხეილ ლომთაძემ ჯეკი ჩანს ყაზახური Kaspi Gold-ის ბარათი გადასცა - ალმათიში ფილმის გადაღებები იწყება
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ფილმის „Armour of God: Ultimatum“-ის გადაღებების დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ჯეკი ჩანიც დაესწრო. ფილმის გენერალური პარტნიორი Kaspi.kz-ია.
ღონისძიების ფარგლებში Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ, ჯეკი ჩანს Kaspi Gold ბარათი გადასცა.
კომპანიის ქართველმა ხელმძღვანელმა, მიხეილ ლომთაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს პროექტი ყაზახეთს მსოფლიოს ახალი პერსპექტივიდან დაანახებს. მისივე თქმით, ბარათის გადაცემის მიზანი იყო, მსახიობს თავი ყაზახეთში ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.
„ჯეკი უკვე იცნობს ყაზახეთს, თუმცა ვიფიქრეთ, რომ აქაური ყოველდღიური ცხოვრების უკეთ შესაგრძნობად მას Kaspi Gold-ის ბარათი დასჭირდებოდა. ამით ის უკეთ გაეცნობა თანამედროვე ყაზახეთს გადაღებების პროცესში. მადლობას ვუხდით Sәlem Entertainment-სა და Adal Investments-ს ამ დიდ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.
თავად ჯეკი ჩანმა ყაზახეთში დაბრუნების გამო სიხარული გამოხატა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოუთმენლად ველოდები ფილმზე მუშაობის დაწყებას. ვიცი, რომ გადაღებების დაწყება ყოველთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მხიარული პროცესია“, - აღნიშნა მსახიობმა და რეჟისორმა.
პროექტის ინიციატორები კომპანიები Sәlem Entertainment და Adal Investments არიან. კინოსურათის პრემიერა 2027 წლის თებერვალში იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge