
მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში მონაწილეობს
საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიება, საკუთარი საქმიანობის გლობალურ ბაზარზე წარმოჩენა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა - მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში იღებს მონაწილეობას.
ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაემგზავრა. ღონისძიება, რომელიც 142-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70,000-მდე სტუმარს, წამყვან ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს, ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ პლატფორმაა მსოფლიოში. მიკრობანკი ემბისი ფესტივალის ქართულ პავილიონშია წარმოდგენილი და საერთაშორისო სტუმრებს საკუთარ საქმიანობას აცნობს.
როგორც ემბისის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი აღნიშნავს, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია:
„საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ემბისი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. აქ, ერთი მხრივ, ინვესტორებს ვეძებთ, მეორე მხრივ კი - პარტნიორებს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო პლატფორმაა იმ ფინანსური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საკუთარ მომავალს ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირებენ“, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ქართულ პავილიონში ემბისის მენეჯმენტის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ პროდუქტიული შეხვედრები საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისა თუ ფინტექ სექტორის წარმომადგენლებთან, მომდევნო დღეებში კი დამატებითი მოლაპარაკებებია დაგეგმილი. გია პეტრიაშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი კონკრეტული შედეგებისა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება.
ქართული პავილიონი, სადაც ადგილობრივი საფინანსო და ფინტექ კომპანიები საკუთარ პროდუქტებს, სერვისებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სტუმრებს აცნობენ, სინგაპურის სახელმწიფო, საგარეო და ეროვნული განვითარების საკითხებში მინისტრებმა გახსნეს და საქართველოს ფინანსურ სექტორში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. სამდღიანი ფესტივალი 940-ზე მეტ სპიკერს, ცენტრალური ბანკების, ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური სექტორის ლიდერებს აერთიანებს.
„ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მიმზიდველია და მნიშვნელოვანია, რომ დღეს სინგაპურში ქართულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთად ვართ წარმოდგენილი. ეროვნულ პავილიონში მონაწილეობა ჩვენს კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტორები, გლობალურ ბაზარზე წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და ახალი პარტნიორული კავშირები დაამყარონ“, - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია. კომპანია იმ მცირერიცხოვან ქართულ საფინანსო ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებიც საერთაშორისო კაპიტალზე წვდომით სარგებლობენ. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion, Enabling Qapital და სხვა. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.
BM.GE
წყარო: bm.ge