![მინუსები მეტი რომ იყო, სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს [სოცდაუცველთა დასაქმების] პროგრამა - ცაგარეიშვილი](https://bm.ge/uploads/files/2026/05/11/312176/giorgi-tsagareishvili_w_h.jpeg)
მინუსები მეტი რომ იყო, სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს [სოცდაუცველთა დასაქმების] პროგრამა - ცაგარეიშვილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა ბევრი უარყოფითი მხარის გამო შეჩერდა. ამის შესახებ მან ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვი საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განხილვისას, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რატომ არ ჩაიწერა წლიურ ანგარიშში, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა უსარგებლო იყო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა.
"თუ საჯაროდ შეგიძლიათ ამ ხარვეზის აღიარება, მაშინ ვფიქრობ, არც ის უნდა იყოს პრობლემა, რომ ანგარიშშიც დააზუსტოთ და ზუსტად იგივე ფორმულირებით ჩაწეროთ. ამაზე სახელმწიფო თანხები, მილიონობით ლარი დაიხარჯა. მე, როგორც პარლამენტის წევრი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებ ამ ანგარიშს და მხარს ვერ დავუჭერ მას, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ტყუილთან გვაქვს საქმე. თუ უსარგებლო იყო არ უნდა იყოს იმის პრობლემა, რომ ანგარიშშიც დაწეროთ, რომ ეს იყო უსარგებლო", - მიმართა შარაშიძემ ცაგარეიშვილს, რაზედაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა: .
"ჩვენ რომ პრობლემებს არ გავურბივართ, ეს მგონი ამ ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. ვფიქრობ, ეს ანგარიში რაღაც პოლიტიკური ინსინუაციებისთვის ასპარეზს არ უნდა ტოვებდეს. ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას ეხება, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. ჩვენ 2022 წელს გადავწყვიტეთ, რომ ამ საშუალებით ღირდა თანხების გაღება და ამ ადამიანების მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც არის რეალობა პროგრამამ თავისი თავი ამოწურა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მას ჰქონდა თავისი პლუსები და მინუსები. მინუსები რომ მეტი იყო, სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს პროგრამა და ამას დაესვა წერტილი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
25 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოთხწლიან სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სოციალურად დაუცველებს ასაქმებდა და რომელზეც ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა, უსარგებლო უწოდა.