მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობა
„მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობა

„მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობა

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 17:02|bm.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „მმართველთა საუბრები“ მიიღო მონაწილეობა. სესია სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის მიწვევით გაიმართა.

სებ-ის ინფორმაციით, დისკუსია სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მასში ყოველწლიურად მსოფლიოს ხუთი რეგიონიდან შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ, სესიებს კი სსფ-ის რეგიონული დეპარტამენტების დირექტორები უძღვებიან.

წელს „მმართველთა საუბრების“ ფარგლებში, საქართველოს გარდა, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთანაც გაიმართა შეხვედრები.

ნათია თურნავასთან გამართულ სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“, ჯიჰად აზური უძღვებოდა.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ძლიერი და თანმიმდევრული შოკების ფონზე, რომლებმაც ქვეყნების უმეტესობაში ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ნათია თურნავას განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავარი გამოწვევა სანდოობის შენარჩუნებაა, ინფლაციური მოლოდინების მართვა კი გაურკვეველ გარემოში მკაფიო და სანდო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნამდვილად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. ჩვენ მოვახერხეთ ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ყველა საგარეო გამოწვევისა, და გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ვინარჩუნებდით — 2023-2025 წლებში ჩვენი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.5% იყო, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

ახლაც კი, როდესაც განვიცდით გარე ენერგეტიკული შოკის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენასა და მასთან დაკავშირებულ საწვავის ფასების ზრდას, რაც მყისიერად გადაეცემა ჩვენს ეკონომიკას (რადგან ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყანა ვართ), ჩვენი ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი მიზნობრივს გადასცდა და 5.6%-ს მიაღწია. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ინდიკატორები, როგორიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, კვლავ მიზნობრივთან ახლოს რჩება (შესაბამისად 3.5% და 3.7%), რაც მიანიშნებს, რომ ინფლაციური მოლოდინები ჯერ კიდევ მყარად არის შენარჩუნებული“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, დაბალი ინფლაციის პარალელურად, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს, რაც, მისივე შეფასებით, ძლიერი და ხელსაყრელი კომბინაციაა. თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალები ძირითადად მაღალპროდუქტიული ინდუსტრიებია, რომლებიც შიდა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას არ ქმნის.

მისი განცხადებით, ეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის უფრო პროაქტიულად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. თურნავას თქმით, ეროვნულმა ბანკმა წინმსწრები და ფრთხილი მიდგომა აირჩია როგორც COVID-19-ის პანდემიის დროს, ისე შემდგომ პერიოდში, როდესაც შოკების შესუსტების პარალელურად მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო.

„დაბალი ინფლაციის პერიოდშიც კი ვინარჩუნებდით ნეიტრალურზე მაღალ პოლიტიკის განაკვეთს ჩვენს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაციის გამო. როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაიწყო, კარგად ვიყავით მომზადებული, მაგრამ კვლავ წინმსწრები მიდგომა გამოვიყენეთ 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25%-ით გავზარდეთ, რამაც ფინანსურ ბაზრებს ძალიან ძლიერი სიგნალი მისცა“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება და ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტების მაქსიმალური პრევენცია იყო.

„ამ მიდგომის ეფექტიანობას ადასტურებს შედარებით ხისტი ფასების ინფლაციის მაჩვენებლები, რომლებიც სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

დისკუსიის ფარგლებში თურნავამ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და ძლიერი მმართველობის ჩარჩოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიებით არ შემოიფარგლება და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მანდატის ფარგლებში დროული და სანდო გადაწყვეტილებების მიღებასა და მთავარი მიზნების უზრუნველყოფას გულისხმობს.

სებ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, თანამშრომლობის ფარგლებში მმართველობის ჩარჩოს შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები გამოიკვეთა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა დედოლარიზაციაც იყო. ნათია თურნავას განცხადებით, ამ მიმართულებით მდგრადი პროგრესისთვის გადამწყვეტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაძლიერება.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაცია დაახლოებით 25-30 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სესიის დასასრულს სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მის გუნდს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები მიულოცა.

„მსურს, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის მიუხედავად, შეძელით მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკური ბუფერების ზრდა საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.

ჯიჰად აზურმა საქართველოს ეკონომიკური შედეგებიც შეაქო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებმა ყველა პროგნოზს გადააჭარბა. მან ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, და მაღალი შეფასება მისცა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ანა აბულაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართარუსთავი 2
  • გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკისფორმულა
  • მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 44%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 44%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

BM.GE

განიხილება მიმდინარე საკითხები, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე

განიხილება მიმდინარე საკითხები, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე

BM.GE

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

BM.GE