
„მხოლოდ ხელფასების ზრდა პრობლემას ვერ აგვარებს“- სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტი მწვავდება
საქართველოს სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელის, ბესო ორთოიძის განცხადებით, ბაზარი და დაგეგმილი პროექტების მასშტაბები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შესაბამისი სამუშაო ძალის მიწოდება.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნა, პროფესიულ განათლებაზე ყურადღების გამახვილების მიუხედავად, სექტორში არსებული მოთხოვნა მაინც შეუვსებელია. ამასთან, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უცხოელი მუშახელის ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციებიც.
„სექტორი და ბაზარი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე შესაბამისი მიწოდებაა. განვითარების ნაწილში მნიშვნელოვანია რა პროექტებია დაგეგმილი და ეს პროექტები გაცილებით უფრო მასშტაბურია დღეს, ეს იწვევს დისბალანსს.
ამას ემატება ისიც, რომ არარეზიდენტების ნაწილში რეგულაციებია უფრო გამკაცრებულია.
როდესაც პროექტების მოცულობა და ხარისხობრივი მოთხოვნები ასე სწრაფად იზრდება, მხოლოდ ანაზღაურების მატება დეფიციტს ვეღარ აღმოფხვრის, ფიზიკურად აღარ გვყოფნის ადამიანური რესურსი“, -განაცხადა ბესო ორთაიძემ.
„არსის“ ხელმძღვანელის შეფასებით, თუ სამუშაო ძალის მიწოდების კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, მასშტაბური პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, კადრების დეფიციტის პრობლემა მომავალში კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს.
BM.GE
წყარო: bm.ge