
მნიშვნელოვანია, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები - უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ინფრასტრუქტურულად იზრდებიან და საქართველომაც ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტირება დღესვე უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ორი ქვეყნის ბინზესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების გადაზიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით საქართველოს მზადყოფნა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, ასევე ყაზახეთი, აზერბაიჯანი იზრდება და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოთ, მეტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და მეტი სიმძლავრეები გქონდეთ როგორც არსებული საოპერაციო ძალების, ისე ახალი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, შუა დერეფანი გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე, დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.
„ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.