
მოგებიანობა შენარჩუნდება, თუმცა ტემპი შენელდება - როგორია მიკროსაფინანსო სექტორის მოლოდინები
მიკროსაფინანსო სექტორი მომავალში მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელს შეინარჩუნებს, თუმცა ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, შენელდება. „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორის, სალომე გიორგბერიძის პროგნოზით, სექტორის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი პროდუქტების დივერსიფიკაცია და ტექნოლოგიური განვითარება იქნება.
მისი განმარტებით, მხოლოდ ერთ ან ორ პროდუქტზე დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი არ არის. კომპანიებმა აქცენტი მრავალფეროვან და ტექნოლოგიურად გამართულ საკრედიტო შეთავაზებებზე უნდა გააკეთონ. ეს გულისხმობს როგორც ბიზნეს სესხების მიმართულების გაძლიერებას, ასევე ციფრული არხების განვითარებას, რაც მომხმარებელს სერვისის სწრაფად და მარტივად მიღების საშუალებას მისცემს.
„ვფიქრობთ, რომ მოგებიანობის მაჩვენებელი შენარჩუნდება, თუმცა ტემპი შესაძლოა შემცირდეს. თუ გვინდა სამომავლოდ წარმატებული სექტორი გვქონდეს, ჩვენ რამდენიმე პროდუქტიანი ბაზრიდან აუცილებელია, გადავიდეთ უკვე მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფუძნებულ და უფრო მრავალფეროვან საკრედიტო შეთავაზებებზე“, - თქვა „საქმის კურსში“ სტუმრობისას „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორმა სალომე გიორგბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორი მკვეთრ ზრდას აჩვენებს. I კვარტალი მისოებმა 51.1 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლიურად 76%-ით, ანუ 22.2 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. გაიზარდა სექტორის საკრედიტო პორტფელიც, როლის მოცულობა 2 მილიარდ ლარს აღწევს, ეს წლიურად 32%-ით, ანუ 501 მილიონი ლარით არის გაზრდილი. დაკრედიტების მატება ძირითადად სალომბარდე კრედიტების ზრდას უკავშირდება, კერძოდ თუკი 2025 წლის პირველ კვარტალში ამ სესხების პორტფელი 1.17 მილიარდი ლარი იყო, ამჟამად ის 1.63 მილიარდ ლარს აღწევს, რაც 39%-ის, ანუ 456 მილიონი ლარის მატებას წარმოადგენს. შედეგად სალომბარდე კრედიტებმა მთლიანად მისოების სექტორის სესხების 79%-ს მიაღწია.
BM.GE
წყარო: bm.ge