
მონაცემთა ცენტრების კომპანია HPE-ს აქციების ფასი ერთ დღეში 30%-ით გაიზარდა
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია HPE-ის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და $10.68 მილიარდი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც Wall Street-ის ანალიტიკოსები $9.79 მილიარდს ელოდნენ.
აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიური პერიოდი კომპანიამ $1.05-მილიარდიანი ზარალით დახურა, ამჯერად წმინდა მოგების მაჩვენებელმა $624 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება ინვესტორებისთვის გასაცემ დივიდენდებს, მან ერთ აქციაზე 79 ცენტი შეადგინა. მაშინ, როცა ანალიტიკოსები მხოლოდ 53 ცენტს მოელოდნენ.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, HPE-მ განსაკუთრებული მოგება ქლაუდისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებიდან მიიღო. კერძოდ, შემოსავალმა $7.71 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები მხოლოდ $6.87 მილიარდს მოელოდნენ. უშუალოდ სერვერების მიმართულების შემოსავალი $5.45 მილიარდამდე გაიზარდა და ექსპერტების მიერ პროგნოზირებულ $4.66 მილიარდიან მაჩვენებელს გადააჭარბა.
HPE-ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ნერიმ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მათი ტრადიციული სერვერების შეკვეთები სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა და ტექნოლოგიურ გიგანტს ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის შეუსრულებელი შეკვეთები დაუგროვა.
მიმდინარე წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ მომავალი პერიოდის მოლოდინებიც განსაზღვრა და ერთ აქციაზე მისაღები მოგების ნავარაუდები დიაპაზონი 2.30-2.50 დოლარიდან 3.35-3.45 დოლარამდე გაზარდა.
განსაკუთრებით საყურადღებო ფაქტია ის, რომ HPE-ს მიერ კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მისი აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $64.64-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $83.52 მილიარდს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge