
"მოთხოვნა იზრდება, დატვირთვა საშუალოდ 50%-ს აღწევს" - პიცერია Napoli
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნეაპოლიტანური პიცერია Napoli აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით მომხმარებელთა მოთხოვნა გაზრდილია და ობიექტის დატვირთვაც სტაბილურად მაღალია.
პიცერიის დამფუძნებელი მამუკა კილაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ საერთო დატვირთვა საშუალოდ დაახლოებით 50%-ს აღწევს, ხოლო პიკის დღეებში, პარასკევს, შაბათსა და კვირას დატვირთვა 70-80%-მდე იზრდება.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ადგილზე სტუმრობის წილი, რასაც ობიექტში განხორციელებული ცვლილებებიც დაემატა - მათ შორის ბარის სივრცის დამატება და გარემოს გაუმჯობესება.
„მოთხოვნა იზრდება, ტენდენცია ნამდვილად ზრდადია. უფრო მეტად ადგილზე მოდიან სტუმრები. გამოძახების სერვისის წილი ნელ-ნელა იკლებს, რადგან მომხმარებლები ხვდებიან, რომ ადგილზე მიღებული პროდუქტის ხარისხი განსხვავდება. ჩვენი პროდუქტი გამოძახების დროს მაინც კარგავს იმ ხარისხს, რასაც ადგილზე ვთავაზობთ“, - აღნიშნა მამუკა კილაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა საღამოს საათებში, პარასკევს, შაბათსა და კვირას ფიქსირდება, როდესაც ობიექტი რამდენჯერმე სრულად ივსება და სტუმართა ნაკადი უწყვეტია. ამ ეტაპზე პიცერიას ერთდროულად დაახლოებით 80 სტუმრის მიღება შეუძლია, რაც გასულ წელს განხორციელებული პროექტის დამსახურებაა. ვინაიდან, გასულ წელს კომპანიამ ობიექტი გააფართოვა და ბარის სივრცეც დაამატა.
როგორც მამუკა კილაძე აღნიშნავს, „ნაპოლის“ მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა - სტუმრების 90%-ზე მეტს ქართველები შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, მათ შორის არიან ინდოეთის, არაბული ქვეყნების და უკრაინის მოქალაქეები.
ცნობისთვის, “ნაპოლის” პიცერია თბილისში ხუთი წლის წინ გაიხსნა, წელს კი კომპანია კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge