
მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მინისტრის განცხადებით, კომუნიკაცია ნაყოფიერი და საინტერესო იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის, რადგან საუბარია ოთხი ტიპის პრეპარატზე, რომელთა ირგვლივაც განსხვავებული მოცემულობაა.
„ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო იყო ეს შეხვედრა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე პირველივე დღეებიდანვე ვსაუბრობთ. პროტესტის დაწყების დღიდან, უფრო ადრეც კი, გვქონდა დამოკიდებულება, რომ მშობელთა ორგანიზაციებთან, მშობლებთან და საზოგადოებასთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, შეხვედრა მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან საუბარი, ვისაც საბოლოო ჯამში უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა მომზადდეს“.
სარჯველაძისვე განმარტებით, დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის საკითხი დეტალურ ანალიზს მოითხოვს, რადგან სხვადასხვა პრეპარატთან მიმართებით სამინისტროს განსხვავებული რაოდენობის კითხვები აქვს.
„რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა იქნება საჭირო და ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ პირველივე დღიდან და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელთა შესახებაც მშობლების ხედვები მოვისმინეთ, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანია და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ არის, ვინაიდან საუბარია ოთხი ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ არსებული სტატუსი, მდგომარეობა, განწყობა, პოტენციალი და გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. როგორც ადრეც აღვნიშნე, დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები კითხვები არსებობს, სხვებთან მიმართებით კი ეს კითხვები მეტია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს, სწორად განსჯას იმისა, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას“.
მისივე განცხადებით, უწყება მზად არის, გადაწყვეტილება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიიღოს, როგორც კი ამის საფუძველი იარსებებს.
„ამ თვალსაზრისით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ამ თემის პოლიტიკოსების მხრიდან არასწორად გამოყენება და სხვა მსგავსი საკითხები. ბუნებრივია, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უპირველესად, ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად სასარგებლო იქნება თითოეული იმ პაციენტისთვის, ვისაც ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ემსახურებოდეს“.
მინისტრის პროგნოზით, უწყებასა და მშობლებს შორის მსგავსი ფორმატის შეხვედრები უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება მსგავსი შეხვედრა. ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება და, როგორც დასაწყისშიც აღინიშნა, იმ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება მისაღებად მზად იქნება, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად იყოს მზად მისაღებად.
მომდევნო შეხვედრების ფარგლებში, მათ შორის, ამ თემაზეც გაგრძელდება საუბარი — როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორი იქნება საჭიროებები, სად და რა ეტაპზე ვიმყოფებით, როგორ უნდა გაგრძელდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატით თანამშრომლობა. საბოლოოდ, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს გადაწყვეტილებები რეალურად უნდა ემსახურებოდეს“.
შეგახსენებთ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც კანცელარიასთან თითქმის ორი თვეა უწყვეტ აქციას მართავენ ირაკლი კობახიძეს დღეს 3 ივნისს შეხვდნენ. მათი თქმით, ეს კომუნიკაცია მათთვის იმედის მომცემი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge