მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს
mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

mshobloba.ge - პლატფორმა, რომელიც მშობლებს ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიებას უმარტივებს

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 00:37|bm.ge

ბავშვთა საგანმანათლებლო, გასართობი და ჯანდაცვის სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრის მიზნით შექმნილი პლატფორმა mshobloba.ge მშობლებს საჭირო მომსახურებების მოძიებას უმარტივებს, ბიზნესებს კი მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს.

პლატფორმის დამფუძნებელი ნინო მახარაძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ პროექტის იდეა პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა და მისი მიზანი მშობლებისთვის ინფორმაციის ძიების გამარტივებასთან ერთად მცირე ბიზნესების მხარდაჭერაა.

„mshobloba.ge-ს იდეა ძალიან მარტივად, ერთი მშობლის საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. მე მყავს ოთხი წლის პატარა და, როგორც ყველა დედას, მეც ჩემი შვილისთვის ბევრი სერვისი მჭირდება: ხან პედიატრი, ხან გასართობი ცენტრი, ბაღი ან ნებისმიერი სხვა მომსახურება. ამ ერთი შეხედვით მარტივი სერვისების მოძიებაში იმდენად დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა, რადგან უამრავ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა Facebook-გვერდსა და ჯგუფში უნდა გეძებნა. სწორედ ამიტომ ყოველთვის მინდოდა, ყოფილიყო სივრცე, სადაც მშობელი უბრალოდ შევიდოდა და ყველა საჭირო სერვისს ერთ ადგილას, მარტივად იპოვიდა“, - აცხადებს მახარაძე.

მისი თქმით, პლატფორმა აერთიანებს ბავშვებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქტს, მათ შორის პედიატრების, მასწავლებლების, საბავშვო ბაღებისა და გასართობი ცენტრების შეთავაზებებს. მომხმარებლებს სერვისების გაფილტვრა ბავშვის ასაკის, ფასის, ქალაქისა და მდებარეობის მიხედვით შეუძლიათ. მახარაძის განმარტებით, ეს მშობლებს ეხმარება, სწრაფად იპოვონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება და თავიდან აირიდონ არარელევანტური შეთავაზებების ძიება.

„ამ საიტზე ჩემი იდეაა, რომ დავზოგო მშობლის დრო. მშობელმა ძალიან მარტივად, მასზე მორგებული კატეგორიებით შეძლოს გაფილტვრა - ქალაქის, რეგიონის, რაიონის, ასაკისა და ბიუჯეტის მიხედვით. წარმოიდგინეთ, გყავს სამი ან ოთხი წლის ბავშვი და სერვისებს ეძებ, მაგრამ ამ დროს მაღალი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მომსახურებები არ გჭირდება და მაინც გიწევს მათი თვალიერება. საიტი მაქსიმალურად გაძლევს შესაძლებლობას, შენზე მორგებული ფილტრებით ზუსტად ის იპოვო, რაც გჭირდება“, - აღნიშნავს პლატფორმის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მდებარეობის მიხედვით ძიებაა. პლატფორმა ასევე გამოსადეგია მათთვის, ვინც ბავშვისთვის საჩუქარს ეძებს, რადგან პროდუქტის შერჩევა ასაკისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

ნინო მახარაძე პროფესიით დეველოპერია და სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, პლატფორმის ტექნიკური ნაწილი თავად შექმნა, დიზაინის დაგეგმვაში კი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

„საიტის სრული ფუნქციონალი მთლიანად ჩემს მიერ არის აწყობილი. დღეს მგონია, რომ საიტი სწორად არის დაგეგმილი, რადგან მისი გამოყენება ძალიან მარტივია. საიტს ასევე აქვს ბავშვის კალენდრის მართვის ფუნქციონალი. შეგიძლია დაამატო შენი შვილის კალენდარი, თუ რამდენიმე წრეზე დაგყავს. ხშირად შეიძლება დაგვავიწყდეს, ვინ სად, რომელ წრეზე და რომელ საათზე უნდა მივიყვანოთ. ამიტომ საიტზე ეს ფუნქციონალიც ჩავაშენე. შეგიძლია სრულად მართო ბავშვის კალენდარი და საიტი შეგახსენებს, როდის რომელ წრეზე ან ვიზიტზე გყავს ბავშვი ჩაწერილი“, - ამბობს მახარაძე.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მცირე ბიზნესებისა და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერაა. დამფუძნებლის განცხადებით, პლატფორმაზე საბაზისო რეგისტრაცია უფასოა და საკუთარი მომსახურების განთავსება შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ბავშვებსა და მათ მშობლებს პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს. სამომავლოდ საიტზე ფასიანი პაკეტებიც იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ბიზნესებს დამატებითი ხილვადობის, კატეგორიებში პრიორიტეტული პოზიციისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს.

„ეს არის საიტი, სადაც ზუსტად იცი, რომ შენი აუდიტორია მშობელია. ამასთანავე, იცი, რომ საბაზისო განთავსება ყოველთვის უფასო იქნება. ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც საკუთარი მომსახურების გაზრდა სურს, უნდა ესმოდეს, ვინ არის მისი მიზნობრივი აუდიტორია. ამ საიტზე აღარ გჭირდება იმაზე ფიქრი, როგორ მიაწვდინო ხმა შესაბამის მომხმარებელს. იცი, რომ აქ მშობლები დაგხვდებიან და შენი სერვისი იმ ადამიანებამდე მივა, ვისთვისაც მისი შეთავაზება გინდა. სწორედ ამიტომ, საიტი არა მხოლოდ დიდ ბიზნესებს, არამედ მცირე მეწარმეებსაც დაუდგება გვერდში“, - აცხადებს მახარაძე.

მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის ფუნქციონალის გაფართოება და მობილური აპლიკაციის შექმნა. პროექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რათა რეგიონებში მცხოვრებ მშობლებსა და ადგილობრივ ბიზნესებსაც ჰქონდეთ პლატფორმით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. გრძელვადიან პერსპექტივაში დამფუძნებელი მოდელის სხვა ქვეყნებში, თავდაპირველად მეზობელ ბაზრებზე გავრცელებასაც განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta Threads-მა აქტიური მომხმარებლების რაოდენობით X-ს გადაასწრო

Meta Threads-მა აქტიური მომხმარებლების რაოდენობით X-ს გადაასწრო

BM.GE

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

რა გაკვეთილებს იღებს საქართველო სამხრეთ კორეის MyData-ს გამოცდილებიდან? - ვარლამ ებანოიძე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე

BM.GE

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

BM.GE

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

BM.GE