
მსოფლიო ბაზარზე ბრინჯი ძვირდება, საქართველოში კი იმპორტი თითქმის განახევრდა - როგორია ტენდენცია?
მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის ფასების ზრდის ფონზე, 2026 წელს წარმოებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით განსხვავებული ტენდენციები იკვეთება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ბრინჯის ფასების ინდექსი სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა.
ფასების მატება ძირითადად ინდიკას ტიპის ბრინჯს შეეხო, რასაც ამინდის პირობებთან დაკავშირებული გაურკვევლობა და სეზონურად შემცირებული მიწოდება განაპირობებდა.
FAO-ს პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიოში ბრინჯის წარმოება 552.5 მლნ ტონას მიაღწევს. თუმცა, ინდოეთში მოსავლის პერსპექტივის გაუარესება, რაც მუსონური ნალექების არათანაბარ განაწილებას უკავშირდება, იაპონიასა და ნეპალში მოსალოდნელ გაუმჯობესებას გადაწონის. ორგანიზაცია 2026 წელს ბრინჯით საერთაშორისო ვაჭრობის 2.2%-იან შემცირებას, 2027 წელს კი 1.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. ბაზარზე გაურკვევლობას დამატებით ქმნის ელ-ნინიოს შესაძლო გავლენა მოსავლიანობაზე, საზღვაო გადაზიდვების გაძვირება და სასუქების ფასების ზრდა.
მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოში ბრინჯის იმპორტი მკვეთრად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 5.46 მლნ დოლარის ღირებულების 6 664 ტონა ბრინჯი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 42.5%-ით, მოცულობა კი 46.9%-ით შემცირდა. 2025 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში 12 550 ტონა ბრინჯი შემოვიდა, რაშიც იმპორტიორებმა 9.5 მლნ დოლარი გადაიხადეს. მიმდინარე წელს კი იმპორტის ღირებულებამ 5.46 მლნ დოლარი შეადგინა, მოცულობამ - 6 664 ტონა.
საქართველოსთვის ბრინჯის მთავარი მომწოდებელი ინდოეთია. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ამ ქვეყნიდან 3.2 მლნ დოლარის ღირებულების 3 734 ტონა ბრინჯი შეიძინა. ინდოეთზე იმპორტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 59% მოდის.
მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა პაკისტანი, საიდანაც საქართველომ 611 ათასი დოლარის ღირებულების 1 295 ტონა ბრინჯი შემოიტანა. შემდეგ მოდის ვიეტნამი - 310 ათასი დოლარი და 399 ტონა; თურქეთი - 300 ათასი დოლარი და 231 ტონა; ტაილანდი - 257 ათასი დოლარი და 478 ტონა. საქართველო ბრინჯს ასევე ყიდულობს აშშ-დან, იტალიიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან. ამ ქვეყნებიდან იმპორტის ღირებულება, შესაბამისად, 189 ათასი, 169 ათასი, 131 ათასი, 89 ათასი და 53 ათასი დოლარია.
BM.GE
წყარო: bm.ge