
მსოფლიო სახელმწიფოები მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას ზღუდავენ
მსოფლიო სახელმწიფოებმა მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აქტიურად შეზღუდვა დაიწყეს. მათ შორის პიონერი ავსტრალიაა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ოფიციალურად აკრძალა. აღნიშნული კანონი გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა და მსოფლიო მასშტაბით ახალი ტენდენცია დაამკვიდრა. ამჯერად ანალოგიური შეზღუდვების დაწესებაზე ევროპული და აზიური სახელმწიფოების უმრავლესობა აქტიურად მუშაობს. ქვეყნების მთავარი მიზანი ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა. მთავრობების შეშფოთებას პლატფორმებზე არსებული მავნე კონტენტი და მოზარდებში დამოკიდებულების გაჩენა იწვევს.
სოციალური ქსელების მოხმარებაზე განსაკუთრებულად მკაცრი ზომები ევროპაში მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთია საბერძნეთი, სადაც 15 წლამდე მოზარდებისთვის აკრძალვა 2027 წლიდან ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის სენატმა 15 წლამდე ბავშვებისთვის პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვა უკვე დაამტკიცა. გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მუშაობენ ე.წ. ინფინით სქროლინგის, ანუ პოსტების ულიმიტო თვალიერების შეზღუდვაზე და სხვა დამოკიდებულების გამჩენი ფუნქციების დაბლოკვაზე მუშაობენ. ბრიტანეთის მთავრობამ სპეციალური სატესტო პროგრამაც დაიწყო, რომლის მიზანიცაა, დაადგინოს მოზარდების ძილსა და სასწავლო პროცესზე სოციალური ქსელების გავლენა.
აზიაში პირველი მკაცრი რეგულაციები ინდონეზიამ შემოიღო. ქვეყანამ 16 წლამდე მოზარდებს ისეთი პლატფორმებით სარგებლობა აუკრძალა, როგორიცაა Facebook-ი და TikTok-ი. პარალელურად, სამხრეთ ამერიკაში ბრაზილიის "ციფრული სტატუტი" ამოქმედდა. აღნიშნული კანონი 16 წლამდე პირებს ავალდებულებს, რომ პირადი ანგარიშები მეურვეებს დაუკავშირონ. ამასთან, ბრაზილიამ პლატფორმებზე დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციების გამოყენებაც აკრძალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, კერძოდ იუტას შტატმა მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის მიღება სავალდებულო გახადა.