
მსოფლიოს 10 ყველაზე განათლებული ეკონომიკა: გლობალური რეიტინგი
თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში განათლება მდგრადი განვითარების, მაღალი პროდუქტიულობისა და ინოვაციების უმთავრეს ფუნდამენტად მიიჩნევა. ქვეყნები, რომლებიც ადამიანურ კაპიტალში მასშტაბურ ინვესტიციებს დებენ, ბაზარზე გაცილებით მაღალი კონკურენტუნარიანობით, ტექნოლოგიური წინსვლითა და ეკონომიკური სტაბილურობით გამოირჩევიან.
OECD-ის გლობალური კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მესამეული, იგივე უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე ზრდასრულთა წილს ითვლის - წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე განათლებული ეკონომიკების ათეულს.
ისრაელში უმაღლეს განათლებას ზრდასრული მოსახლეობის 51% ფლობს, რაც „სტარტაპების ერად“ წოდებული სახელმწიფოს ტექნოლოგიურ ეკონომიკას უდევს საფუძვლად. ისრაელი ინჟინრების, მეცნიერებისა და მკვლევრების უპრეცედენტოდ მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. ისეთ მოწინავე სფეროებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ბიოტექნოლოგია, აგროტექნოლოგიები და თავდაცვის ინდუსტრია, ადგილობრივი უნივერსიტეტები ინოვაციების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, რაც ქვეყანას მაღალკვალიფიციური და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამუშაო ძალით უზრუნველყოფს.
შვედეთის მოსახლეობის 52%-იანი მაჩვენებელი განათლებაში სახელმწიფოს თანმიმდევრული ინვესტიციებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დამსახურებაა. ადგილობრივი და ევროკავშირის სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების უფასო მოდელმა საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყო. ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას სამეცნიერო კვლევებს, მდგრად განვითარებას, სუფთა ენერგეტიკასა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს უთმობს, რაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან და ინოვაციურ ეკოსისტემას უმაგრებს ზურგს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 52% მესამეული დონის განათლებას ფლობს. როგორც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ლაბორატორიების ეპიცენტრი, შტატები აკადემიური პროდუქტიულობისა და ინოვაციების მიმართულებით გლობალურ ლიდერობას ინარჩუნებს. ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებსა და სათემო კოლეჯებს მოიცავს, რაც სტუდენტებს არჩევანის ფართო სპექტრს სთავაზობს. კვლევებისა და განვითარების (R&D) მძლავრი სახელმწიფო და კერძო დაფინანსება ქვეყანას ტექნოლოგიებში, მედიცინასა და ფუნდამენტურ მეცნიერებებში მოწინავე პოზიციების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
ავსტრალიაში უმაღლესი განათლების დიპლომს ზრდასრული მოსახლეობის 54% ფლობს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა თავად წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო დარგს და ყოველწლიურად ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს. ავსტრალიური უნივერსიტეტები გლობალურ კვლევით პარტნიორობაში აქტიურად არიან ჩართულნი და მედიცინის, გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და სამთო-მოპოვებითი ინჟინერიის დარგებში წამყვან პოზიციებს იკავებენ.
მცირე მოსახლეობის მიუხედავად, მოწინავე პოზიციებზეა ლუქსემბურგი - აქ მოსახლეობის 55% უმაღლეს განათლებას ფლობს. ქვეყნის მთავარი უპირატესობა მრავალენოვანი, მაღალკვალიფიციური და საერთაშორისოდ მობილური სამუშაო ძალაა. ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი განათლებას საზღვარგარეთ იღებს და შემდგომ ფინანსურ და მაღალი კლასის საკონსულტაციო სექტორში სამუშაოდ ქვეყანაში ბრუნდება, რადგან ლუქსემბურგის ეკონომიკა საერთაშორისო საბანკო საქმესა და მომსახურების ინდუსტრიაში არსებულ ექსპერტულ ცოდნაზე კრიტიკულად არის დამოკიდებული.
გაერთიანებულ სამეფოში 25-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 55% უმაღლეს კვალიფიკაციას ფლობს. ბრიტანეთი ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული მსოფლიოს უძველესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებითაა ცნობილი. უმაღლესი განათლება ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორია - როგორც ინოვაციებისა და კვლევების გენერირების, ისე უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული სოლიდური ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით. გაერთიანებული სამეფო ფინანსების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ჰუმანიტარული სფეროსა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით განსაკუთრებით ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს.
სამხრეთ კორეა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 58% უმაღლეს განათლებას ფლობს, იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განათლება ეკონომიკური ნახტომის მთავარ ინსტრუმენტად იქცეს. ახალგაზრდებში უმაღლესი განათლების მიღება საყოველთაო ნორმადაა ქცეული, ქვეყანა კი საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დისციპლინებში ტრადიციულად უმაღლეს შედეგებს აჩვენებს. სწორედ ამან განაპირობა სამხრეთ კორეის გლობალური ლიდერობა ელექტრონიკის, ავტომშენებლობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში.
უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეების წილი 58%-ს აღწევს იაპონიაში, რაც აკადემიური წარმატებისა და სწავლისადმი განსაკუთრებულ კულტურულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. იაპონია ტრადიციულად მოწინავეა მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში - იმ მიმართულებებში, რომლებიც მისი მძლავრი საწარმოო და ტექნოლოგიური სექტორის ხერხემალს ქმნის. იაპონურ უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით რობოტექნიკის, ავტოინჟინერიისა და ელექტრონიკის სფეროებში, სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში ფუნდამენტური წვლილი შეაქვთ.
ირლანდიამ, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 59%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, მოკლე დროში შეძლო მაღალგანვითარებულ და ინოვაციურ ეკონომიკად გარდაქმნა. მეოცე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, მთავრობამ განათლების დაფინანსება მკვეთრად გაზარდა და აკადემიური პროგრამები თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს ზუსტად მოარგო. სწორედ განათლებულმა სამუშაო ძალამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ტექნოლოგიების, ფარმაცევტიკისა და ფინანსების სექტორში უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციების მოზიდვაში.
მსოფლიო რეიტინგის სათავეშია კანადა - აქ ზრდასრული მოსახლეობის 64% მესამეული დონის კვალიფიკაციას ფლობს. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ძირითადად საჯარო რესურსებით ფინანსდება და პროვინციების დონეზე იმართება, რაც კოლეჯებსა და უნივერსიტეტებზე საყოველთაო წვდომას უზრუნველყოფს. ამას ემატება საიმიგრაციო პოლიტიკაც, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მოზიდვას უწყობს ხელს. კანადური უნივერსიტეტები კი ჯანდაცვის, ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო ლიდერებად რჩებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge