
მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთები
მსოფლიოში არაერთი მთაა, რომლის დაპყრობა გამოცდილი ალპინისტებისთვისაც კი უკიდურესად სახიფათოა. მიზეზი მხოლოდ სიმაღლე არ არის – საფრთხეს ქმნის არასტაბილური ამინდი, ზვავები, რთული რელიეფი და ჟანგბადის ნაკლებობა. Altezza Travel-მა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მწვერვალების სია შეადგინა.
მათ შორისაა:
1. ანაპურნა (ნეპალი) – 8 091 მ
ანაპურნას ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს და გამოცდილი ალპინისტებიც კი ხშირად აფრთხილებენ ნაკლებად გამოცდილ მთამსვლელებს, რომ მის მწვერვალზე ასვლა არ სცადონ. 2012 წლის მონაცემებით, ანაპურნას მწვერვალი 191 ალპინისტს ჰქონდა დალაშქრული, სულ მცირე 61 ადამიანი დაიღუპა. მათგან 52 ადამიანი ასვლისას, ხოლო 9 დაშვებისას გარდაიცვალა. 2014 წელს ზვავებს 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, ანაპურნაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 27.2% იყო, რაც მსოფლიოს ყველა 8000 მეტრის სიმაღლის მთას შორის ყველაზე დიდია. შედარებისთვის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა ევერესტი, რომელიც ანაპურნაზე დაახლოებით 800 მეტრით მაღალია, 6,000-ზე მეტ ადამიანს აქვს დალაშქრული. ანაპურნას მწვერვალს კი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ალპინისტმა მიაღწია.
2. K2 (პაკისტანი/ჩინეთი) – 8 611 მ
ყარაყორუმის მთათა სისტემის ნაწილი მწვერვალი K2, რომელიც ასევე ცნობილია ჩოგორის სახელით პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ K2-ზე ასვლების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, სიკვდილიანობის მაჩვენებლით ის ანაპურნას შემდეგ მეორე ადგილზეა, რის გამოც მსოფლიოში მეორე ყველაზე მომაკვდინებელ მთად მიიჩნევა. ალპინისტები K2-ს ყინულის, თოვლისა და კლდეების გიგანტურ პირამიდად აღწერენ. მწვერვალამდე შედარებით „უმარტივესი“ მარშრუტიც კი მოითხოვს მყინვარების გადაკვეთას და ციცაბო კლდეებზე ცოცვას უკიდურესად დაბალ ტემპერატურაში, ძლიერი ქარის, ინტენსიური თოვისა და ჟანგბადის დეფიციტის პირობებში.
3. ნანგა პარბატი (პაკისტანი) – 8 126 მ
ნანგა პარბატს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთად მისი სიმაღლე არ აქცევს. მწვერვალისკენ მიმავალი მარშრუტი ვიწრო ქედზე გადის, ხოლო სამხრეთ მხარეს მდებარეობს დედამიწაზე ყველაზე დიდი კლდისა და ყინულის ფერდობი, რომლის სიმაღლე თითქმის 5 000 მეტრს აღწევს. ეს მონაკვეთი ყველაზე გამოცდილ ალპინისტებსაც კი ფიზიკურად უჭირთ. სწორედ ამიტომ ნანგა პარბატს ხშირად „ადამიანების მჭამელს“ და „მკვლელ მთას“ უწოდებენ.
4. აიგერი (შვეიცარია) – 3 967 მ
აიგერი ბერნის ალპებში მდებარე პატარა სოფელ კლაინე შაიდეგს გადმოჰყურებს. ალპინისტებისთვის ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი ჩრდილოეთის კედლით, რომელსაც ტრაგიკული ისტორიის გამო „მკვლელობის კედელს“ უწოდებენ. ჩრდილოეთის კედელი დაახლოებით 1 800 მეტრის სიმაღლის უზარმაზარი, დანაწევრებული კლდოვანი ფერდობია, რომლის გადალახვაც ალპინისტებს მკაცრ სიცივეში, სწრაფად ცვალებად ამინდსა და კლდისა და ყინულის ჩამოშლის მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ. საერთო ჯამში, აიგერის მწვერვალზე ასვლის მცდელობისას სულ მცირე 64 ალპინისტი დაიღუპა.
5. მონბლანი (საფრანგეთი/იტალია) – 4 809 მ
მონბლანი ევროპის ყველაზე მაღალი ადგილია, რომელიც გამორჩეულია როგორც ალპინიზმის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენებით, ისე ტრაგიკული შემთხვევებით. მონბლანის პირველი წარმატებული დალაშქვრა 1786 წელს ფრანგმა ჟაკ ბალმა-მა და მიშელ პაკარმა-მა განახორციელეს. სწორედ ეს მოვლენა ითვლება თანამედროვე ალპინიზმის დასაწყისად. დღეს მონბლანი, რომელიც იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დალაშქრული მთაა. მის მწვერვალზე ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანი ადის. თუმცა, პოპულარობამ და შედარებით „მარტივი“ მარშრუტის შესახებ გავრცელებულმა წარმოდგენამ მონბლანი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთად აქცია. პიკური სეზონის განმავლობაში მწვერვალისკენ ყოველდღიურად 300-მდე ალპინისტი მიემართება, ხოლო სამაშველო სამსახურები საშუალოდ ყოველ შაბათ-კვირას 12 სამაშველო ოპერაციას ატარებენ.
6. კანჩენჯანგა (ინდოეთი/ნეპალი) - 8 586 მეტრი
კანჩენჯანგა მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი მთის მასივია. კანჩენჯანგაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა შეფასებით 15%-დან 22%-მდე მერყეობს, თუმცა, ეს მთა ყველაზე საშიში მწვერვალების სიაში მხოლოდ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამო არ მოხვედრილა. როგორც წესი, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთებზე დროთა განმავლობაში ფატალური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ამას განაპირობებს ექსტრემალურად რთული მონაკვეთების უკეთ შესწავლა, ალპინისტების პროფესიული გამოცდილების ზრდა და თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენება. თუმცა, კანჩენჯანგა ამ მხრივ გამონაკლისია - მიუხედავად ალპინიზმის განვითარების, ამ მთაზე ასვლა დღემდე უკიდურესად სარისკოა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
7. დაულაგირი (ნეპალი) — 8 167 მეტრი
დაულაგირი ნეპალში, ანაპურნის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს და პროფესიონალი ალპინისტების უმეტესობისთვის მისი დალაშქვრა სანუკვარ მიზანს წარმოადგენს, თუმცა ბევრი მთამსვლელისთვის ეს ოცნება დღემდე მიუღწეველია. დაულაგირის პირველი წარმატებული დალაშქვრა 1960 წელს განხორციელდა. მას შემდეგ იმავე მარშრუტით მწვერვალს 480-ზე მეტმა ალპინისტმა მიაღწია. თუმცა, სამხრეთის ფერდობით ამ მთაზე ასვლა დღემდე ვერავინ შეძლო. რაც შეეხება დაულაგირზე სიკვდილიანობას, სხვადასხვა წყაროს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება და 70-დან 140-მდე მერყეობს.
8. ევერესტი (ჩინეთი/ნეპალი) - 8 848 მეტრი
ევერესტი, რომელიც ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 8 848 მეტრის სიმაღლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალია. მიუხედავად ამისა, წარმატებული დალაშქვრებისა და ფატალური შემთხვევების თანაფარდობის მიხედვით, დღეს მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 3.29%-მდე მერყეობს. 3.29%-იანი მაჩვენებელი ანალიტიკურმა სააგენტო Statista-მ 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა. თუმცა, ასე ყოველთვის არ ყოფილა. ამერიკელი ალპინისტის, ალან არნეტი, რომელმაც ევერესტი ოთხჯერ დალაშქრა, ბლოგის მიხედვით, 1922-1999 წლებში ევერესტზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14.5% იყო. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა მხოლოდ 2000-2023 წლებში, რაც მარშრუტების უკეთ შესწავლამ, აღჭურვილობის განვითარებამ და ალპინისტების გამოცდილების ზრდამ განაპირობა. Himalayan Database-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ევერესტის მწვერვალს 6 664 ადამიანმა მიაღწია, ხოლო მის ფერდობებზე 327 ალპინისტი დაიღუპა.
9. მატერჰორნი (შვეიცარია/იტალია) – 4 478 მ
მატერჰორნი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთა, რომელიც ტექნიკურად ყველაზე რთულად დასალაშქრი არ არის, მაინც შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მწვერვალად იქცეს. ამის მთავარი მიზეზებია მაღალ სიმაღლეზე შედარებით მარტივი წვდომა და გამოუცდელი ალპინისტების დიდი რაოდენობა. მატერჰორნის პირველი წარმატებული დალაშქვრა 1865 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, მწვერვალზე ასვლის მცდელობისას დაახლოებით 600 ადამიანი დაიღუპა. ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა და არასაკმარისი გამოცდილება ახალ უბედურ შემთხვევებს იწვევს.
10. ბაინთჰა ბრაკი (პაკისტანი) - 7 285 მეტრი
ეს მწვერვალი მსოფლიოში ყველაზე რთულად და სახიფათოდ დასალაშქრ მთებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ამის მიზეზი არა მსხვერპლის რაოდენობა და გამოცდილი ალპინისტების ისტორიებია, არამედ უკიდურესად რთული მარშრუტები და ის ფაქტია, რომ მისი მწვერვალი ისტორიაში მხოლოდ სამჯერ არის დალაშქრული. ბაინთჰა ბრაკის პირველი წარმატებული დალაშქვრა 1971 წელს განხორციელდა. უკან დაბრუნებისას ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს, დაგ სკოტი, ორივე ფეხი მოტყდა, ხოლო მის თანამგზავრს, კრის ბონინგტონი, ორი ნეკნი ჰქონდა გატეხილი და პნევმონია განუვითარდა. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა და ძლიერი ქარიშხლისა, მათ საბაზო ბანაკამდე მიღწევა შეძლეს და ცოცხლები დაბრუნდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge