
მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავს
მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა ერთ-ერთია 65 კანონპროექტიდან, რომელიც 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში შედის.
აღსანიშნავია, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე უკვე წლებია საუბარი მიდის. კანონპროექტი მთავრობის მიერ საგაზაფხულო სესიისთვის მომზადებულ გეგმაშიც იყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს არ წარსდგენია.
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და მოკლე აღწერა ასეთია:
საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი – ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით.
ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება.
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით ამ ვალდებულების შესრულებას.
BM.GE
წყარო: bm.ge