მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლებს 8%-ის მოგების მარჟა განუსაზღვრა, დააწესა გაუთვალისწინებელი და ზედნადები ხარჯები
მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლებს 8%-ის მოგების მარჟა განუსაზღვრა, დააწესა გაუთვალისწინებელი და ზედნადები ხარჯები

მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლებს 8%-ის მოგების მარჟა განუსაზღვრა, დააწესა გაუთვალისწინებელი და ზედნადები ხარჯები

BM.GE2 ივნისი, 2026, 13:11|bm.ge

საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს, რა ოდენობის გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯთაღრიცხვებში. შესაბამისი დადგენილება 1 ივნისს გამოქვეყნდა და ძალაში უკვე შევიდა. ახალი რეგლამენტი გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შესული ცვლილებებიდან, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. მთავრობის ინფორმაციით, ახალმა წესებმა უნდა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტების დადება და მათი შემდგომი მართვა, ასევე მოგების ოდენობაც, რაც კომპანიამ უნდა მიიღოს. ამასთან, ახალი წესები განსაზღვრავენ გაუთვალისწინებელი ხარჯების ბიუჯეტსაც, რაც კონტრაქტორების გაუთვალისწინებელ სამშენებლო დანახარჯებს დაფარავს.

დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისთვის გეგმური მოგების ზღვრული მაჩვენებელი 8%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს დაერიცხება, თუმცა მოწყობილობა-დანადგარების ღირებულება ამ ბაზაში არ შევა.

მთავრობამ ასევე დაადგინა ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის. მაგალითად, სტანდარტული სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში ზედნადები ხარჯი პირდაპირი დანახარჯების 14.1%-ს შეადგენს, სახელმწიფო საიდუმლო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას – 15.1%-ს, ხოლო გვირაბებისა და მეტროპოლიტენის გარკვეული კატეგორიის სამუშაოებისთვის – 27.1%-ს.

სპეციალური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის განსხვავებული მიდგომაა განსაზღვრული. ასეთ შემთხვევებში ზედნადები ხარჯები ხელფასის ფონდზე დაირიცხება. მაგალითად, ელექტროსამონტაჟო სამუშაოებისთვის ზღვრული ნორმა 87%-ს შეადგენს, ხოლო აეროპორტების საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების მონტაჟისთვის – 99%-ს.

რეგლამენტი ეხება სამშენებლო პროექტების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – გაუთვალისწინებელ ხარჯებს. დოკუმენტის თანახმად, მათი მოცულობა პროექტის სირთულის მიხედვით 3%-დან 10%-მდე განისაზღვრება. ყველაზე მაღალი, 10%-იანი ზღვარი დაწესდა ჰიდროელექტროსადგურების, მეტროპოლიტენების, გვირაბების, დიდი ხიდებისა და სხვა ტექნიკურად რთული და უნიკალური ობიექტებისთვის. მეტალურგიული, ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი საწარმოების მშენებლობისთვის, ასევე რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების ზღვარი 7%-ია, ხოლო საზოგადოებრივი შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების უმეტესობისთვის – 5%. საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3%-ით განისაზღვრა.

დოკუმენტი ასევე არეგულირებს დროებითი შენობა-ნაგებობების, საწყობისა და მომარაგების, ასევე ზამთრის პერიოდში სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დამატებითი დანახარჯების გათვალისწინების წესებს. რეგლამენტში მოცემულია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებისთვის შესაბამისი პროცენტული ნორმები, რომლებიც ხარჯთაღრიცხვებში უნდა აისახოს.

ახალი წესების თანახმად, ელექტრონული ტენდერების შემთხვევაში აღნიშნული ზღვრული ნორმები სავალდებულო იქნება სახელმწიფო უწყებებისთვის საწყისი სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას. ამასთან, პრეტენდენტებსა და მიმწოდებლებს ხარჯთაღრიცხვების შედგენისას სწორედ ამ რეგლამენტით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობა მოუწევთ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი რეგლამენტი ჩაანაცვლებს 2014 წლიდან მოქმედ წესს, რომელიც სამშენებლო სახელმწიფო შესყიდვებში ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრას არეგულირებდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთი რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ ფერმერებს ზარალს აუნაზღაურებს

სომხეთი რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ ფერმერებს ზარალს აუნაზღაურებს

BM.GE

4 თვეში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი $577 მილიონამდე გაიზარდა - კობახიძის ანგარიში

4 თვეში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი $577 მილიონამდე გაიზარდა - კობახიძის ანგარიში

BM.GE

შეირჩა 1421 სტაჟიორი, დასაქმდა 199 - როგორია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შედეგები?

შეირჩა 1421 სტაჟიორი, დასაქმდა 199 - როგორია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შედეგები?

BM.GE

„აკა“- მერსედეს-ბენცი საქართველო BAG-ის წევრი გახდა

„აკა“- მერსედეს-ბენცი საქართველო BAG-ის წევრი გახდა

BM.GE