
მთავრობამ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგულირების კანონპროექტი გაიწვია
მთავრობამ "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია.
კერძოდ, მთავრობის 17 ივნისის განკარგულებაში წერია, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანს ვახტანგ ბაჩიაშვილს, მიეცა თანხმობა პარლამენტიდან გამოეთხოვა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, კანონპროექტს ხელახლა საშემოდგომო სესიაზე შემოიტანენ.
პარლამენტში შესული კანონპროექტით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირება იგეგმებოდა.
განმარტებით ბარათში რეგულირების საჭიროება იმითაა დასაბუთებული, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდება პროდუქციის ფასების არასტაბილურობა და რიგ შემთხვევაში, მაღალი ფასნამატი. დოკუმენტს ახლავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის შედეგებიც, რომლის თანახმადაც აღინიშნებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100%-ს.
კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. მისი მიღების შემთხვევაში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დარეგულირდება და მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება შესაბამისი წესი და პირობები განსაზღვროს. რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რეალიზატორებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება ასეთი იყოს:
იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა. იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ.
ვრცლად ამ თემაზე: მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი
BM.GE
წყარო: bm.ge