
მთავრობის მიერ გამოცხადებულ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერში "ჰიუნდაი ავტო საქართველომ" გაიმარჯვა
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით ივნისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა "ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოხდება.
დოკუმენტი 164 ერთეული Elantra-ს მარკის ჰიბრიდული ავტომობილის მიწოდებას ითვალიწინებს, რომლებიც 2026 წელს არის წარმოებული. ავტომობილს 142 ცხენის ძალა აქვს და ის თეთრი ფერისაა.
ტენდერის თანახმად, მასში მონაწილეობა მხოლოდ "ჰიუნდაი ავტო საქართველომ" მიიღო და 164 ავტომობილის ჯამურ საფასურად 10,158,980 ლარი დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასთან შედარებით 820 ლარით ნაკლები იყო, შესაბამისად, ერთი ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტს 61,945 ლარი დაუჯდება.
164 ავტომობილიდან ყველაზე მეტი - 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურს გადაეცემა, 29 ავტომობილი - თავდაცვის სამინისტროს, 10 - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, 10 კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
BM.GE
წყარო: bm.ge