
მცირე FDI, მოცულობითი ფულადი გზავნილები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორი ეკონომიკური კავშირი გვაქვს იტალიასთან?
იტალია საქართველოსთვის იმპორტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამავე დროს, ფულადი გზავნილების ჭრილშიც ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. შესაბამისად ევროკავშირის ამ ქვეყანასთან საქართველოს ეკონომიკური კავშირები საქმიანი და მოცულობითია, თუმცა არსებობს მიმართულებები, სადაც რიცხვები არც ისე დიდია. BM.GE დაინტერესდა, როგორია იტალიასთან ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით არსებული ტენდენციები.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიიტალიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცულობითი არ არის. ევროპის ამ ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკაში FDI-ს ჩადება 1999 წლიდან მცირე მოცულობებით იწყება და რეკორდულ ნიშნულს 57.5 მლნ დოლარს 2006 წელს აღწევს.
2025 წელს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში შემოსული იტალიური ფულადი კაპიტალის მოცულობა 3 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა და ეს მაჩვენებელიც წლიურად თითქმის $1 მილიონით იყო გაზრდილი. მთლიან FDI-ში იტალიური ინვესტიციების წილი მხოლოდ 0.2% იყო. საქსტატის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობებში $1.3 მილიონი დოლარის მოცულობით ჩაიდო; მეორე ადგილს უძრავი ქონება 911 ათასი დოლარით, მესამეს კი დამმუშავებელი მრეწველობა $235.4 ათასის მოცულობით განხორციელდა.
2026 წლის პირველ ნახევარში იტალიიდან პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 1.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ფულადი გზავნილებიმცირე პირდაპირი იტალიური ინვესტიციების საპირწონედ, ფულად გზავნილების რეიტინგში იტალია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 2026 წლის 8 თვეში იტალიიდან საქართველოში 435 მილიონ 924 ათასი დოლარის 1 153 600 გზავნილი გადმოირიცხა. მაშინ როდესაც 2025 წელს ამ პერიოდში გადმორიცხული გზავნილების მოცულობა 363 მილიონ 211 ათას დოლარი იყო. ზრდა 20%-ია.
სავაჭრო ბრუნვასავაჭრო ეკონომიკური კავშირების კუთხით, საქართველო-იტალიის ბრუნვა 1.4%-ით 346 მილიონ 382 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც სრულად იმპორტის ზრდით არის განპირობებული. ვაჭრობაში იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ქვეყანაა. წელს 8 თვეში ევროკავშირის ამ ქვეყანაში შეძენილი საქონლის ღირებულება 1%-ით 294 მილიონ 229 ათას დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, ისევე როგორც გასულ წლებში იტალიიდან ნომერ პირველი საიმპორტი საქონელი მსუბუქი ავტომიბილები იყო, რომლის შემოყვანაც საქართველოში წელს შემცირდა, ამის საპირწონედ გაიზარდა წამლების, თმის საშუალებების, ცოცხალი მცენარეების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების იმპორტი. TOP-10 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
• მსუბუქი ავტომობილები - $20.3 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $10.6 მლნ; • საშუალებები თმებისთვის - $9.1 მლნ; • ცოცხალი მცენარეები, კალმები - $8.3 მლნ; • ჭურჭლის სარეცხი მანქანები - $7 მლნ; • რეზინის ფეხსაცმელი - $6.7 მლნ; • სატვირთო ავტომობილები - $6.7 მლნ; • სხვა ავეჯი და მისი ნაწილები - $6.4 მლნ; • მაკიაჟის ან კოსმეტიკური საშუალებები - $6.4 მლნ; • ცენტრალური გათბობის ქვაბები - $5.7 მლნ;
რაც შეეხება ექსპორტს, რომელსაც ვაჭრობაში მცირე წილი უკავია, წელს საქართველოდან იტალიაში 52 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიყიდა, რაც შარშანდელ ექსპორტს 3.4%-ით აღემატება. წელს ყველაზე დიდი მოცულობით იტალიაში თხილი და სხვა კაკალი გავყიდეთ და ექსპორტი 155%-ით გაიზარდა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
• თხილი და სხვა კაკალი - $21.5 მლნ; • ფეროშენადნობები - $15.7 მლნ; • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $5.3 მლნ; • აზოტოვანი სასუქები - $1.9 მლნ; • მცენარის ნაყოფი და სხვა ნაწილები - $1.4 მლნ; • გასწვრივ დახერხილი ხე-ტყის მასალა - $773 ათასი; • ბოჭკოვანი მინა და მისი ნაწარმი - $773 ათასი; • ავეჯი და სხვა მისი ნაწილები - $637 ათასი; • მსუბუქი ავტომობილები - $501 ათასი; • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - $418 ათასი;
ტურიზმი
იტალიელი მოგზაურებისთვის საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე პოპულარული დანიშნულების ადგილია. 2025 წელის იტალიიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 27 735 ვიზიტს მიაღწია, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელსაც აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის შემდეგ იტალიიდან ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იზრდებოდა.
2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი იტალიიდან ვიზიტების რაოდენობა 15 576-მდე გაიზარდა. წლიურად ვიზიტები 41.8%-ით არის გაზრდილი.
საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იტალიაში გაემგზავრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
BM.GE
წყარო: bm.ge