
„მცირე მეწარმეებს ფულადი დახმარება სჭირდებათ“...- რაზე ისაუბრა თხილის სექტორმა მინისტრთან შეხვედრაზე?
თხილის უეცარი ხმობა, ფაროსანას პრობლემა, ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა და ცოდნის დეფიციტი - ის მთავარი გამოწვევებია, რაზედაც თხილის სექტორმა სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.
კერძო სექტორის ინფორმაციით, დაახლოებით 7 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე თხილის ბაღები უკვე გახმა, უხვი ნალექის ფონზე კი გაცილებით ადრე გააქტიურდა ფაროსანაც, რაც თხილის მოსავლიანობაზე და ხარისხზე იმოქმედებს.
სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით მცირე ფერმერებს უდგათ, ამიტომ მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ.
დასავლეთ საქართველოში ძალიან ნალექიანი გაზაფხული გამოდგა და ფაროსანამ ადრე დაიწყო აქტიურობა. უხვი ნალექიდან გამომდინარე გვითხრეს, რომ ვერ ახერხებენ შეწამვლას. ანუ ეს მანქანები, რომელიც მობილიზებულია, ვერ გადიან შესაწამლად.
ფაროსანა ძალიან მომრავლდა. დასავლეთ საქართველოში შედარებით უფრო მეტი რაოდენობაა, ვიდრე გასულ წელს იყო და ეს იხსნება ამინდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ იყო მაინცდამაინც ცივი ამინდი და პოპულაცია უფრო გაიზარდა.
მთავარი არის, რომ თვითონ ფერმერი, მოსახლეობა უნდა ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ფაროსანამ გააფუჭა როგორც მოსავლის რაოდენობა, ისე ხარისხობრივი მაჩვენებელი და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს.
მინისტრთან იყო განხილული საკითხი, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ყოველ წელს განსხვავებული მიდგომა უნდა მცენარის მოვლას. აქედან გამომდინარე მინისტრს ვთხოვეთ, რომ მხარი დაეჭირა ისეთი პროექტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო მხარდაჭერას. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე აპარატები გაიცეს ფერმერებზე, რადგან მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ ეს აპარატები შეიძინონ. აგრეთვე განვიხილეთ ის საკითხი, რომ სუბსიდირება, ანუ ფულადი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ფერმერისთვის. მინისტრი შეგვპირდა, რომ განიხილავენ საკითხს მთავრობის სხდომაზე და მერე მოგვაწვდიან ინფორმაციას”,-აცხადებს "ჯეო-ნათსის" დირექტორი ჯენერ ბელქანია.