
ნარკოტიკები ჩანაცვლებულ ამანათებში - შსს-მ საქართველოს, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები.
სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება.
ამოღებულ ნივთიერებებს შორის არის:
• კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და მეტამფეტამინი; • ოპიუმი, ამფეტამინი, მარიხუანა და მცენარე კანაფი; • 300 აბამდე „პრეგაბალინი“.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილის მხილების მიზნით, კრიმინალურმა პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს. პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს (სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრიმა მუხლები).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
BM.GE
წყარო: bm.ge