
NATO შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს
NATO-ს წევრი ქვეყნები შავ ზღვაში სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრას ჩაატარებენ.
არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინეთის ტერიტორიულ წყლებსა და მის სიახლოვეს საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატებით ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული ორი ტანკერი დაზიანდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ მოსკოვს ჯერჯერობით არ დაკისრებია, რადგან თავდასხმის უკან რუსეთის დგომის დასადასტურებლად, დამატებით მტკიცებულებებია საჭირო. ამჟამად, რუმინეთის სამხედრო და სადაზვერვო უწყებების საგამოძიებო ჯგუფები იერიშების ზუსტ გარემოებებს სწავლობენ. პარალელურად, მაშველები ორი დაზიანებული ტანკერის ეკიპაჟის შვიდ დაკარგულ წევრს ეძებენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან დრონებით კიდევ ხუთ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. ამ ინციდენტების შედეგად, სულ მცირე, 23 მეზღვაური დაიღუპა. მომხდარი მოვლენების ფონზე, რუმინეთის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა.
რუტეს თქმით, ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგზე დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობები უკვე გააძლიერა, თუმცა სამხედრო ბლოკი რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის პოზიციების გაძლიერებას საჭიროებისამებრ მომავალშიც გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბუქარესტი NATO-ს მეხუთე მუხლის, ანუ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ამას გარდა, რუმინეთს არც მეოთხე მუხლის გააქტიურება მოუთხოვია, რომელიც წევრი ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის წინაშე დადგომისას კონსულტაციების დაწყებას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge