
ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა
გასულ წელს მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მხოლოდ 19 ახალი საბადო აღმოაჩინეს. შესაბამისად, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, გლობალური ენერგოკომპანიების მიერ საძიებო ხარჯების შემცირებამ და დეკარბონიზაციაზე გაზრდილმა წნეხმა ახალი რესურსების მოძიების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა.
როგორც ირკვევა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ძიების გლობალური ინვესტიციები თითქმის 40%-ითაა შემცირებული. გასულ წელს ამ მხრივ გაღებულმა ხარჯებმა მხოლოდ $540 მილიარდი შეადგინა. ეკოლოგიური ჯგუფებისა და ინვესტორების მხრიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, მსხვილმა დასავლურმა კორპორაციებმა კაპიტალი განახლებადი ენერგიის პროექტებში გადაამისამართეს. მაგალითისთვის, ბრიტანული Shell-ის დანახარჯები საძიებო სამუშაოებზე გასულ წელს $1.1 მილიარდამდე შემცირდა და ათი წლის წინანდელ მონაცემზე ხუთჯერ ნაკლები გახდა. გაძვირებული მასალების გათვალისწინებით, კომპანიებმა პრიორიტეტი მაღალი რისკის მქონე ახალი პროექტების ნაცვლად უკვე არსებული საბადოების გაფართოებას მიანიჭეს.
ამასთან, იაფად ათვისებადი სახმელეთო ზონების სიმცირემ საძიებო სამუშაოების რთულ ოფშორულ და ღრმაწყლოვან ლოკაციებზე გადატანა განაპირობა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს, IEA-ს შეფასებით, საძიებო ტერიტორიის ლიცენზირებიდან უშუალოდ მოპოვების დაწყებამდე პერიოდი საშუალოდ 20 წელს მოიცავს. ენერგოუსაფრთხოების გამწვავებული რისკების ფონზე კი ინდუსტრიული გიგანტები წიაღისეული საწვავის მოპოვებისთვის ახალი საბადოების ძიებაზე თანხების დახარჯვას ერიდებიან. წარმოების გაფართოება კვლავ დაიწყეს.
ცნობისთვის, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Global Energy Monitor-ის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი მარაგების აღმოჩენის ისტორიული პიკი 2013 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს გამოვლენილი რესურსების საერთო მოცულობა კი ამ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ათჯერ ნაკლები აღმოჩნდა.
BM.GE
წყარო: bm.ge