მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნებართვების ციფრული სისტემა გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია - ირაკლი ნემსაძე
ნებართვების ციფრული სისტემა გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია - ირაკლი ნემსაძე

ნებართვების ციფრული სისტემა გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია - ირაკლი ნემსაძე

BM.GE2 აგვისტო, 2026, 22:17|bm.ge

საერთაშორისო გადაზიდვებში დანერგილი ციფრული სისტემები ქართველ გადამზიდავებს მობილურობას უზრდის და ხარჯებს უმცირებს. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ნემსაძე BMG-სთან აცხადებს, რომ პროცედურების გაციფრულება „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

მისი განმარტებით, ნებართვების ციფრული სისტემა, რომელშიც უკვე ჩაერთნენ თურქეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი, გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. აქამდე მოქმედი წესით, მძღოლს ფიზიკური, ბეჭდური ფორმის ნებართვა სჭირდებოდა, რაც ხშირად დროის დაკარგვასა და დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომანქანა ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა.

„ციფრული ნებართვა მძღოლს მომენტალურად გადაეცემა, რაც მას შორ დისტანციაზე მობილურობის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, აღარ არის საჭირო გამოყენებული ნებართვების ფიზიკურად დაბრუნება სააგენტოში - სისტემა ავტომატურად ხედავს გახარჯულ კვოტას,“ - აღნიშნავს ნემსაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ყაზახეთთან უკვე მოქმედებს საპილოტე რეჟიმი, რაც გადამზიდავს ავალდებულებს დოკუმენტაცია წინასწარ ატვირთოს პორტალზე. ეს საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს მონაცემები მანქანის გამოცხადებამდე დაამუშაონ, რაც საზღვარზე დაყოვნების დროს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, მისივე შეფასებით, საჭიროა, ნებართვების გაციფრულება ისეთ მიმართულებებსაც შეეხოს, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ჩინეთი სახელდება.

„ამ ეტაპზე, ნახევრად სატესტო რეჟიმია, იმის გათვალისწინებით, რომ ნებართვების უმრავლესობა ჯერჯერობით, მაინც ფიზიკური სახით, ხოლო ციფრული ნებართვები სატესტო რეჟიმში გაიცემა - ანუ გარკვეული მცირე კვოტები თითოეულ ამ ქვეყანასთან მივიღეთ და უკვე ვიყენებთ. თუმცა, თანდათან, ციფრული ნებართვის გამოყენების კულტურაც ინერგება და მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ის გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს კიდეც ფიზიკურად გატანილი და გამოყენებული ნებართვების რაოდენობას.

გადამზიდავებმა უნდა გაითვალისწინონ მცირედი ცვლილებაც ორმხრივ-ტრანზიტული ნებართვის გამოყენების პრინციპთან დაკავშირებით - აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, ერთი ფიზიკური ნებართვა, ე.წ. ორმხრივ-ტრანზიტი, საშუალებას იძლეოდა ტრანზიტულად გამოყენებული ყოფილიყო წინა და უკუსვლა, მიუხედავად იმისა, გაგზავნის ქვეყანა და დაბრუნების ქვეყანა ერთმანეთს ემთხვეოდა თუ არა. ახლანდელი წესის მიხედვით, ციფრული ნებართვების შემთხვევაში, თუ დაბრუნების ქვეყანა არ ემთხვევა გაგზავნის ქვეყანას, გადამზიდავმა ამ შემთხვევისთვის ნებართვის ახალი ეგზემპლარი უნდა მოამზადოს“ - განმარტავს ირაკლი ნემსაძე.

ამასთან ერთად, მისივე თქმით, ქართველი გადამზიდავებისთვის მესამე ქვეყნების ნებართვების კვოტების საკითხი პოზიტიურად იცვლება. ამ მიმართულებით არსებული წნეხი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ქართველი გადამზიდავები ძალიან დამოკიდებული ვართ მესამე ქვეყნებში გადაზიდვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო პოტენციალი ვერ ტვირთავს სრულად ქართულ ავტოპარკს. ამიტომ, მრავალი წელია ეს ნებართვები, რომლებიც თავის მხრივ კvოტირებულია, პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ ერთი მხრივ, ჩინეთის, ანუ შუა დერეფნის განვითარებამ და ჩინეთიდან ტვირთბრუნვამ, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ქართული ავტოპარკისა გადართო ამ მიმართულებაზე და ჩამოაშორა დაწოლა მესამე ქვეყნის ნებართვებს. მეორე მხრივ, პოზიტიურად წარმართულმა მოლაპარაკებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მცირედით, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობით გაზრდილიყო კვოტები იმ ქვეყნებისა, რომლების ნებართვებიც შედარებით პრობლემურად ითვლებოდა.

ეს არის პირველ რიგში, თურქეთის, მესამე ქვეყნის ნებართვები, რომელზეც, არის მოლოდინი, რომ მომდევნო წლიდან გაზრდილი რაოდენობით მივიღებთ. ეს არის ყაზახეთის მესამე ქვეყნის ნებართვები, რომლებზეც, უკვე წელს იყო დამატებები გარდა არსებული კვოტებისა და მომავალ წელზეც ასეთი პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება ქართველი გადამზიდავებისთვის აქტუალურ კიდევ ერთ მიმართულებას, რუსეთის ფედერაციის მესამე ქვეყნის ნებართვებს - ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცვლილება არ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ აქაც რაღაც პოზიტიურ სიგნალებს მივიღებთ მომავალი წლიდან“ - განმარტავს ნემსაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში წლის პირველ ნახევარში 169,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა

უკრაინაში წლის პირველ ნახევარში 169,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა

BM.GE

კრიშტიანუ რონალდუ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას

კრიშტიანუ რონალდუ სატელევიზიო სერიალში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა

6 თვეში საქართველომ $41.8 მლნ-ის რუსული ხორბალი შეიძინა | 1 ტონის საშუალო ფასი შემცირდა

BM.GE

"სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის დავის გადაწყვეტაში არბიტრაჟის მსგავსი ორგანოც უნდა ჩაერთოს" - რას ითხოვენ მშენებლები?

"სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესს შორის დავის გადაწყვეტაში არბიტრაჟის მსგავსი ორგანოც უნდა ჩაერთოს" - რას ითხოვენ მშენებლები?

BM.GE