
ნიკოლ ფაშინიანის პარტია ხმების 56.7%-ით ლიდერობს - "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლი
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. უბნების დახურვისთანავე კომისიებმა ხმების დათვლის პროცედურა დაიწყეს.
მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გუნდი ხმების 56.7%-ით იმარჯვებს.
ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც გამოკითხულ ამომრჩეველთა 17.5%-მა დაუჭირა მხარი.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 58.9% შეადგინა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 1 მილიონ 476 ათას 597-მა მოქალაქემ მიიღო.
საარჩევნო კომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე არჩევნებზე მოქალაქეების ჩართულობა საგრძნობლად მაღალია წინა კენჭისყრასთან შედარებით.
არჩევნების წელი ამომრჩეველთა აქტივობა (%) მიმდინარე არჩევნები 58.9% 2021 წლის არჩევნები 49.4%
გავრცელებული ეგზიტპოლის შედეგები არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ წინასწარ შედეგებს ეტაპობრივად, საარჩევნო ოქმების დამუშავების პარალელურად გამოაქვეყნებს.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის 4 000 ტექნიკური მოწყობილობა გამოიყენეს.
ხმის მიცემის პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად, ვიდეოკამერები დამონტაჟდა 1 758 საარჩევნო უბანზე (იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს ან მეტს შეადგენს).
საერთო ჯამში გახსნილი 1 996 საარჩევნო უბნიდან, გადაადგილების პრობლემის მქონე პირთათვის ადაპტირებული და ხელმისაწვდომი მხოლოდ 612 უბანი იყო.
საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 71-მა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ და უცხოური მედიის 180-მდე წარმომადგენელმა.
არჩევნებს თვალს ადევნებდა:
• 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია; • სომხეთში აკრედიტებული 35 დიპლომატიური და საკონსულო მისიის წევრი; • სხვადასხვა ქვეყნის 14 საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელი, რომლებიც პროცესს სტუმრის სტატუსით აკვირდებოდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge