ნიმბის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე
ნიმბიმ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იტალიაში, კასტილიონე ინ ტევერინაში, ევროპის უმსხვილეს ღვინისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მუზეუმში (MUVIS), ბრენდის პრეზენტაცია და ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ნიმბის დამფუძნებლების — ბაჩო ბუღდიაშვილისა და ვატო ოთხმეზურის, ასევე მეღვინეობის მთავარი მეღვინის, მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ენოლოგის, რიკარდო კოტარელას ერთობლივი ჩართულობით ჩატარდა. შეხვედრის მთავარი ნაწილი იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან ოფიციალური პარტნიორობის დაწყება იყო, ხელშეკრულებას ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა. პრეზენტაციაზე დამფუძნებლებმა ბრენდის ისტორია და ხედვა სწორედ ახალი პარტნიორის გაყიდვების გუნდს წარუდგინეს.
იტალიის მსგავს კონკურენტულ და ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ბაზარზე მსხვილ სადისტრიბუციო ქსელთან პარტნიორობა ნიმბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. MUVIS-ის ისტორიულ სივრცეში პარტნიორებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დინამიკურ წინსვლასა და მის მზარდ პოტენციალს ევროპულ ბაზარზე.
„იტალიაში, ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრში, მსგავსი მასშტაბის პრეზენტაციის გამართვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი წარმატებაა. იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან გაფორმებული პარტნიორობა ადასტურებს, რომ ნიმბი სწორი გზით ვითარდება. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ეს შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია,“ — აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი, ბაჩო ბუღდიაშვილი.
მეღვინეობა ნიმბი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებას და უახლოეს მომავალში მომხმარებელს არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და პარტნიორობას ჰპირდება.
