
ნიშანდების მიზანი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა | ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა.
საქმე ისაა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა და როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, წესის ამოქმედებამდე განისაზღვრება. ცნობილია, რომ ნიშანდების სავარაუდო ღირებულება 10 თეთრი იქნება ერთ ბოთლზე. ამასთან, ნიშანდება მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ მათთვის ნიშანდების საფასური, სავარაუდოდ, 10 თეთრზე ნაკლები იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეგულაციის მიზანი ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ალკოჰოლიანი სასმლის სრული მიკვლევადობა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მარტივად მიღებას", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით. QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის, ლოტისა და ნიშნის სტატუსის შესახებ. ნიშანდების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვასა და კონტროლს.
BM.GE
წყარო: bm.ge