მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?
„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 02:20|bm.ge

გურიაში მდებარე „ნოდოს მეღვინეობამ“ წლიური წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა. როგორც „ნოდოს მეღვინეობის“ დამფუძნებელმა თათია გოგიბერიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, მცირე მარნის ისტორია 8 წლის წინ, 500 ბოთლამდე ღვინის წარმოებით იწყება, თუმცა მოთხოვნისა და წარმოების ზრდასთან ერთად, მეღვინეობამ ასორტიმენტიც გააფართოვა.

"როცა დავიწყეთ, დაახლოებით 400-500 ბოთლს ვაწარმოებდით სულ. მაშინ ყველაფერი ძალიან პატარა მასშტაბით იყო და უფრო ოჯახური საქმიანობის ხასიათი ჰქონდა. ახლა უკვე 5000 ბოთლამდე ავედით, გავზარდეთ როგორც რაოდენობა, ისე ასორტიმენტი. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ვხედავთ, რომ საქმე, რომელიც პატარა მარნით დავიწყეთ, ეტაპობრივად იზრდება და ვითარდება.

ალადასტური ჩემს მეუღლეს ოჯახში ბაბუის დროიდან ჰქონდა. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჩემი მეუღლე და ბებო თითქმის ხელით კრეფდნენ თითოეულ ყურძენს და ამ ვენახს ძალიან დიდი სიყვარულით უვლიდნენ. ამიტომ ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია არ შეწყვეტილა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, პატარა მარანი გაგვეკეთებინა, გურული ჭურები ჩაგვეყარა და ეს ტრადიცია უფრო მეტად გაგვეგრძელებინა. გვინდოდა, ალადასტურის სიყვარული ჩვენს სახლშიც და ჩვენს რაიონშიც გურული მეღვინეობის გამოცოცხლებას დაკავშირებოდა. პირველი მარანი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. თავიდან მართლა ძალიან პატარა იყო, მაგრამ შემდეგ უკვე მივხვდით, რომ მეტი სივრცე გვჭირდებოდა და წარმოების გაზრდასთან ერთად მეორე შენობაც დავამატეთ, სადაც უშუალოდ ღვინის გადამუშავება ხდება. ასე, ეტაპობრივად, იმ პატარა მარნიდან მოვედით დღევანდელ მასშტაბამდე“, - თქვა გოგიბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ნოდოს“ ღვინო ამჟამად გურიის ფარგლებს გარეთაც იყიდება. პროდუქცია წარმოდგენილია თბილისში და ბათუმში მდებარე ღვინის ბარებში, ასევე „8000 მოსავლის“ ქსელში. გარდა ამისა, ღვინო იყიდება ქსელის ბერლინის ფილიალშიც.

„თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის სწორედ ის იყო, რომ „8000 მოსავალში“ მოვხვდით. პატარა მარნისთვის ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია, რადგან იქ ღვინო უბრალოდ თაროზე არ ხვდება - წინასწარ დეგუსტაციას გადის და შემდეგ წყდება, მიიღებენ თუ არა. ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ ჩვენს ღვინოს მომხმარებლის შეფასებამდე მიეღწია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა მწარმოებელი ხარ და ჯერ კიდევ ცდილობ, შენი პროდუქტი უფრო მეტ ადამიანს გააცნო“, - განაცხადა მეღვინეობის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა წარმოებასთან ერთად ღვინის ტურიზმის მიმართულებასაც ავითარებს. მარანს მცირე ჯგუფები, მათ შორის უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სტუმრებს გურული ღვეზელის მომზადების მასტერკლასშიც შეუძლიათ მონაწილეობა.

„ჩვენთან სტუმრებს მხოლოდ ღვინის დასაგემოვნებლად არ ვმასპინძლობთ. გვაქვს გურული ღვეზელის მასტერკლასი, სადაც სტუმრები თავად ამზადებენ ღვეზელს, შემდეგ კი ღვინოსთან და მცირე ხემსთან ერთად აგემოვნებენ. გვინდა, რომ ადამიანმა მხოლოდ ღვინო კი არ გასინჯოს, არამედ გურიის კულტურას და სამზარეულოსაც შეეხოს. განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის ეს საინტერესო გამოცდილებაა, რადგან ერთ ვიზიტში რამდენიმე განსხვავებულ რამეს ეცნობიან“, - ამბობს გოგიბერიძე.

მისივე თქმით, ვიზიტორების ინტერესის ზრდამ მეღვინეობას ინფრასტრუქტურის გაფართოებისკენ უბიძგა. მეღვინეობაში მეორე დამხმარე ნაგებობა უკვე აშენებულია, მისი ზედა ნაწილი კი მომავალ წელს სადეგუსტაციო ოთახისთვის უნდა მოეწყოს.

„სტუმრების მხრიდან მოთხოვნა რომ გაიზარდა, გაფართოებაც მოგვიწია. მეორე დამხმარე ნაგებობა უკვე ავაშენეთ და მის ზედა ნაწილში მომავალ წელს საკმაოდ განსხვავებული დიზაინის სადეგუსტაციო ოთახის გაკეთება გვინდა. ახლა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სტუმრების მიღებას ამის გამოც არ ვწყვეტთ. თუ ვინმეს ჩვენი მარანი განსაკუთრებით აინტერესებს და წინასწარ გვიკავშირდება, ვცდილობთ, მაინც ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა მან.

გოგიბერიძის თქმით, მეღვინეობას უცხოელი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლისას გურიაში მდებარე მარანს სპეციალურად სტუმრობენ.

„გვყავს სტუმარი იაპონიიდან, რომელიც როცა საქართველოში ჩამოდის, ჩვენთან აუცილებლად მოდის. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან უკვე იცის ჩვენი მარანი, ჩვენი ღვინო და როცა ისევ საქართველოში ჩამოდის, გურიაშიც ჩამოდის და ჩვენთან მოდის. ასეთი სტუმარი გაჩვენებს, რომ ერთჯერადი ვიზიტი შეიძლება მუდმივ ურთიერთობადაც გადაიქცეს“, - განაცხადა „ნოდოს მეღვინეობის“ დამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შუა დერეფნის პერსპექტივას გაცილებით იმედიანად ვუყურებთ, ვიდრე 2 წლის წინ - ირაკლი ნემსაძე

შუა დერეფნის პერსპექტივას გაცილებით იმედიანად ვუყურებთ, ვიდრე 2 წლის წინ - ირაკლი ნემსაძე

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE