მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გუდაურში თოვლის დროს გზა იკეტება, ტურისტებს კი სასტუმრომდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევთ - ჰოტელიერი გამოწვევებზე
გუდაურში თოვლის დროს გზა იკეტება, ტურისტებს კი სასტუმრომდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევთ - ჰოტელიერი გამოწვევებზე

გუდაურში თოვლის დროს გზა იკეტება, ტურისტებს კი სასტუმრომდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევთ - ჰოტელიერი გამოწვევებზე

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 03:40|bm.ge

გუდაურში ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ სატრანსპორტო მოძრაობა, საცობები და ქვეითთა უსაფრთხოება რჩება. ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილის განცხადებით, ახალი გუდაურის მიმართულებით, განსაკუთრებით თოვლის დროს, გზის გამტარუნარიანობა მცირდება, რის გამოც ტურისტებს საბაგიროებთან მისასვლელად ზოგჯერ საათზე მეტხანს უწევთ ლოდინი. პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ კურორტზე სატრანზიტო მოძრაობა კვლავ დატვირთულია, ხოლო ტროტუარების გაწმენდა სათანადოდ არ ხდება.

როგორც მურაჩაშვილმა BMGTV-ის ეთერში განაცხადა, გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა კურორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ახალი საბაგიროები და სათხილამურო ტრასები საკმარისი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია გზებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების საკითხების კომპლექსურად მოგვარებაც.

„გუდაურში გვაქვს ისეთი გადაუჭრელი პრობლემა, რომ გათოვლიანების დროს უბრალოდ იკეტება გამტარუნარიანობა გზაზე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ახალი გუდაურისთვის, იმიტომ რომ იქ დავიწროებული გზაა, საცობებია და უბრალოდ მხოლოდ იმისთვის, რომ ტურისტი მივიდეს საბაგირომდე, შეიძლება საათზე მეტი მოუწიოს მანქანაში ჯდომა“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

ჰოტელიერი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად გუდაურის შესასვლელში საერთო პარკინგის მოწყობასა და საბაგიროებთან შიდა სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებას მიიჩნევს. მისი შეფასებით, ტურისტები ავტომობილებს კურორტის შესასვლელში დატოვებდნენ, ხოლო საბაგიროებამდე შატლებით გადაადგილდებოდნენ, რაც ახალი გუდაურის მიმართულებით მოძრაობას განტვირთავდა.

„არის ასეთი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონზე ამასაც დააანონსებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომ გუდაურის შემოსასვლელში გაკეთდეს ერთი საერთო პარკინგი და შატლებმა, შიდა ტრანსპორტმა იმოძრაოს საბაგიროებთან. ეს ძალიან განტვირთავს მოძრაობას“, - აღნიშნა მან.

მურაჩაშვილის თქმით, კურორტზე უსაფრთხო გადაადგილების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გამო, რომ გუდაურზე კვლავ გადის სატვირთო ავტომობილების ძირითადი სატრანსპორტო ნაკადი. ჰოტელიერის განცხადებით, გვირაბის გახსნის გაჭიანურებამ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა, ტურისტების ნაწილი კი გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ჯერ კიდევ ძალიან დაგვიანებულად და ბევრი დათქმული დროის გადამეტების შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი ის გვირაბი და, სამწუხაროდ, გუდაურზე გადის ისევ ძირითადი სატრანსპორტო გზა დატვირთული მანქანების. ეს თავისთავად ძალიან ართულებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ტურისტების დიდი ნაწილი პირდაპირ გვეუბნება, რომ უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. ტროტუარებიც არ იწმინდება და იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც გაიწმინდება წელს ტროტუარები“, განაცხადა მურაჩაშვილმა.

ჰოტელიერი ყურადღებას ამახვილებს იმ დისკომფორტზეც, რომელსაც ტურისტები სასტუმრომდე მისვლისას აწყდებიან:„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც რამდენიმე ასეულ დოლარს ერთ ღამისთევაში იხდის, მას უხდება მანქანის დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი, ორი კილომეტრის მოშორებით დატოვება და თავისი ბარგთან ერთად თოვლში სიარული, რომ სასტუმრომდე მიაღწიოს. საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შეიძლება ამან გამოიწვიოს, მანამ სანამ მივა და ნახავს, როგორი კარგი სასრიალო ადგილი გვაქვს, უკვე დისკომფორტი ექნება“, - აღნიშნა მან.

მურაჩაშვილის შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად ზამთრის პერიოდში დამატებითი კადრების მობილიზებაც აუცილებელია, რომლებიც ტროტუარებს გაწმენდენ და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

„რაც კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. უკვე ზამთარშია დასამატებელი კადრები, რომლებიც ტროტუარებს გაწმენდენ მინიმუმ, იმიტომ, რომ ტრასა ისევ მანდ გადის სატვირთო მანქანების და რამენაირად დარეგულირდება. საათობით იკეტება გზა და ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს ტურისტებში“, - განაცხადა ჰოტელიერმა.

მურაჩაშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც გუდაური საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტებთან კონკურენციას ცდილობს და ტურისტებისთვის მხოლოდ სათხილამურო ტრასების ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი - მათთვის აუცილებელია სასტუმრომდე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მისვლაც.

ცნობისთვის, გუდაურში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 31 მილიონი ლარის დახარჯვა დაანონსდა. დაგეგმილ სამუშაოებს შორისაა ორი ახალი საბაგიროს, 6-კილომეტრიანი ახალი ტრასების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებისა და ღამის სრიალისთვის საჭირო განათების მოწყობა. ზამთრის სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში 20 დეკემბერს გაიხსნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა Samsung-ი $14 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა Samsung-ი $14 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

სამხრეთ კორეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

BM.GE

ნადარაია: „უძრავი ქონების ფასების ზრდა ლარში ინფლაციას უსწრებს“ - არის თუ არა ვითარება კრიტიკული?

ნადარაია: „უძრავი ქონების ფასების ზრდა ლარში ინფლაციას უსწრებს“ - არის თუ არა ვითარება კრიტიკული?

BM.GE

UBS-ის დაბეგვრამდე მოგება მესამე კვარტალში 27%-ით, $3.59 მილიარდამდე გაიზარდა

UBS-ის დაბეგვრამდე მოგება მესამე კვარტალში 27%-ით, $3.59 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE