
ნომერი 7 მაისურზე, ნომერი 1 მსოფლიოში - კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
გულზე ხელი დავიდოთ და ვიკითხოთ: წლების წინ ამას დავიჯერებდით? ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის დაუჯერებელი რამ ცხადად წარმოედგინა, ხვიჩა კვარაცხელია იყო. ბიჭი, რომელმაც “ნაპოლიში“ სენსაცია მოახდინა და ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ქომაგს ნანატრი სკუდეტო მოაპოვებინა, ახლა უკვე უფრო ფართო, გლობალურ ასპარეზზე გავიდა - მის კოლექციაში ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის ორი მედალი ინახება.
მის ირგვლივ განვითარებული მასობრივი აჟიოტაჟი სრულიად გასაგებია: ხვიჩას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. იგი განსაკუთრებით შეუჩერებელი და ლეტალური ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ფაზაში გახდა, რაც ფეხბურთში ყველაზე მეტად ფასობს. ბრწყინვალე მატჩებმა „ჩელსის“, „ლივერპულის“, „ბაიერნისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ და ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში 17 საგოლე მოქმედებამ (10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა) მას უდიდესი აღიარება მოუტანა: ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მსოფლიო აღიარებისკენ მიმავალი თავბრუდამხვევი სიჩქარის მიუხედავად, ხვიჩა თავმდაბლობას მუდამ ინარჩუნებს. ჟურნალისტების დაუსრულებელ კითხვებზე იმის თაობაზე, თუ რამდენად უხარია მას ინდივიდუალური წარმატება ან განიხილავს თუ არა საკუთარ თავს “ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად, ხვიჩა მოკლედ პასუხობს: მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა და ბედნიერია იმით, რომ საჩემპიონო გზაზე თანაგუნდელებს ეხმარება.
დღეს ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ყურადღების ეპიცენტრშია. ყველა ავტორიტეტული სპორტული გამოცემა თუ პოდკასტი, საფეხბურთო ექსპერტი თუ გულშემატკივარი მის დომინანტურ სეზონზე საუბრობს და სვამს კითხვას: უნდა გადაეცეს თუ არა მას ოქტომბრის ბოლოს “ოქროს ბურთი“? ამ ფონზე, მის ქომაგებში ერთგვარი სინანული შეინიშნება: 2026 წლის მუნდიალზე საქართველო არ მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატი კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში უდიდესი წონისა და გავლენის მატარებელია. როგორც მინიმუმ, Bleacher Report-ის თანახმად, ხვიჩას საუკეთესო სამეულში მაინც ვიხილავთ, თუმცა ყველაფერი მის მთავარ კონკურენტებზეა დამოკიდებული - იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავად იასპარეზებენ ჰარი კეინი, დეკლან რაისი, მაიკლ ოლისე, ვიტინია, კილიან მბაპე და უსმან დემბელე მსოფლიო პირველობაზე.