
"ნუ ელოდებით ვიღაცის დასჯას" - მამუკა მდინარაძე სუსის მხრიდან ფასების გამოძიებაზე
სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით დაწყებულ მოკვლევას შუალედური შედეგი ვერ ექნება, საბოლოო ექსპერტიზამდე და მედიას მოუწოდა, „ვიღაცის დასჯას“ არ დაელოდონ.
მისი თქმით, ფასებთან დაკავშირებით დანიშნული ექსპერტიზა დადებს არა შუალედურ, არამედ საბოლოო დასკვნას, რაც შემდგომში სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
მისივე მტკიცებით, სუპერმარკეტების ქსელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება უკვე პირველი პოზიტიური ნაბიჯია, რისთვისაც მან კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა.
მდინარაძის განმარტებით, სუს-ი ბაზარზე მხოლოდ ფასწარმოქმნის მექანიზმებით დაინტერესდა და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს.
" [ფასებზე სუსის გამოძიებაზე] შუალედური შედეგი ვერ იქნება. ფასთა წარმოქმნის შესახებ დანიშნული ექსპერტიზა შუალედურ დასკვნებს ვერ დებს. ფასწარმოქმნის შესახებ დასკვნა იქნება არა შუალედური, არამედ საბოლოო, რაც დაეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. კონკრეტულ თემებთან და საკითხებთან დაკავშირებული.
პირველია ასეთი პოზიტიური გადაწყვეტილება გამოჩნდა და ეს არის "სამომხმარებლო კალათასთან" დაკავშირებული. ქსელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფასები გაიაფდა კონკრეტულ პროდუქტებზე, ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქსელებს, რადგან მათ ეს პასუხისმგებლობა აიღეს. ეს არის მოკლევადიან პერიოდში. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ჩვენ ველოდებით, რომ ფასების დასტაბილურებასთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად სწორი მიდგომა იქნება, რათა კონკურენციის სააგენტომ და სხვა უწყებებმა იმოქმედონ ადეკვატურად ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ ინფლაციის დონის დასტაბილურებისთვის, სადაც ინფლაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დომინანტი იქნება სამომხმარებლო კალათაში მოთავსებული პროდუქტების ფასების ინფლაციასთან ბრძოლა. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში მიღებული გადაწყვეტილება და ამის შედეგებს თქვენ ნახავთ", - განაცხადა მდინარაძემ.