
მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურა - Netgazeti
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას (ე.წ. გავრილოვის ღამე) დაკავებული აქციის მონაწილის, გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) პროცესუალური ნაწილის დარღვევა, რაც სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების არაეფექტურ და გაჭიანურებულ გამოძიებაში გამოიხატა.
სტრასბურგის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1,800 ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის 2,000 ევროს გადახდა დაეკისრა.
გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლიდან 6 საათის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალად პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებოდა, რისთვისაც 1,000 ლარით დაჯარიმდა. დაკავების ოქმსა და სამედიცინო ცნობებში მოსარჩელეს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სისხლჩაქცევები და ნაკაწრები.
ჭიღლაძე ამტკიცებდა, რომ ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დააკავეს და პოლიციელებმა ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც გაიტაცეს. თუმცა, პროცესის მსვლელობისას მისი ჩვენებები რამდენჯერმე შეიცვალა.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მომჩივანს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, ხელისუფლება ვალდებული იყო თავისივე ინიციატივით დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება. თუმცა, გამოძიება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო. დროში გაჭიანურების გამო, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ინციდენტის ადგილას არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება (წაიშალა ან ტექნიკური პრობლემების გამო დაიკარგა), ხოლო საქმის მთავარი მოწმეები მომხდარიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დაიკითხნენ.
“ამ ხარვეზებმა, ერთობლიობაში, შეამცირა მიმდინარე გამოძიების უნარი, დაედგინა რა დაემართა მომჩივანს და შელახა მისი ეფექტურობა,” – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად გამოძიების არაეფექტურობის დადგენისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა (უშუალოდ წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურება). მოსამართლეთა თქმით, შიდა გამოძიების ხარვეზებისა და თავად მომჩივანის მიერ მიცემულ ჩვენებებში არსებული შეუსაბამობების გამო, შეუძლებელი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა იმის მტკიცება, რომ ჭიღლაძეს პოლიცია მის მიერ აღწერილი სცენარით გაუსწორდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ხაზი გაუსვა 20-21 ივნისის საქმეებზე გამოძიების ზოგად გაჭიანურებას საქართველოში. გადაწყვეტილებაში მითითებულია 2025 წელს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაუსწრებლად დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, თუმცა ხაზგასმულია, რომ 7 წლიანი პროცესის მიუხედავად, გამოძიებას საბოლოო შედეგებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge