ოქრო ადგილობრივი საექსპორტო საქონლის TOP 10-ეულშია | ექსპორტით მიღებული შემოსავალი $119 მლნ-მდე გაიზარდა
10 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 119 მილიონ 434 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებელი ოქრო გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ოქროს ექსპორტით 21.9%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის აღნიშნულ პერიოდში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული ადგილობრივად წარმოებული საქონლის რეიტინგში ოქრომ 2.9%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.
თუმცა მოცულობაში ოქროს ექსპორტი 1.1 ტონამდე შემცირდა. 2025 წლის 10 თვეში ეს მოცულობა 1.7 ტონა იყო. მოცულობაში ექსპორტის შემცირება, ღირებულებით კი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის ზრდით არის განპირობებული.
საქართველოში მოპოვებულ დაუმუშავებელ ან ნახევრად დამუშავებულ ოქროს ძირითადად შვეიცარიაში ვყიდით. წელს ამ მიმართულებით 107 მილიონ 443 ათასი დოლარის ღირებულების 1 ტონა ოქრო გავიდა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 100 კგ-მდე ექსპორტირებული ოქროს ღირებულებამ 9 მილიონ 284 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო თურქეთში 1 მილიონ 819 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავყიდეთ.
