
"ოქროს ფოთოლი" ხონში ჩაის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს - ინვესტიცია ₾1 მილიონამდეა
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში, კომპანია „ოქროს ფოთოლი“, რომელიც 65 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობს, ჩაის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს.
როგორც BMG-ის კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი ცერცვაძემ განუცხადა, ობიექტი თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება და ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.
"ჯამურად კომპანიაში განხორციელებულია, დაახლოებით, 500 000 ლარის ინვესტიცია - საწარმოშიც და ჩაის პლანტაციაშიც. ეს სრულად ჩვენი კერძო ინვესტიციაა. საწარმოს სრულად აღჭურვისთვის კი დამატებით, დაახლოებით, 500 000 ლარამდე არის საჭირო, რომ ის ტექნოლოგიები შემოვიტანოთ, რაც ხარისხიანი ჩაის წარმოების საშუალებას მოგვცემს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, ახალი საწარმოს გახსნა კომპანიას საშუალებას მისცემს, საკუთარი ნედლეულის ბაზაზე უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს და ბაზარს ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს.
„ოქროს ფოთოლი“ ხონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 25-წლიანი იჯარით 65 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობს, რომელიც სრულად რეაბილიტირებულია.
2025 წელს კომპანიის მოსავალი, დაახლოებით, 25 ტონა ნედლეული იყო.
"პლანტაციები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 25-წლიანი იჯარით ავიღეთ. პირველი მიზანი იყო სანედლეულო ბაზის შექმნა საკუთარი წარმოებისთვის, რომ ნედლეულთან დაკავშირებული რისკები გამოგვერიცხა. ამ ეტაპზე ფართობი სრულად მოსავლიანია, საიდანც პლანტაციის 40%-ზე პრემიუმ კატეგორიის ფოთოლი იკრიფება. თეორიულად, ჰექტარზე 1 ტონა პროდუქცია იანგარიშება, შესაბამისად, ჩვენი საბოლოო მიზანი 60–65 ტონა მზა პროდუქციის მიღებაა,“ - განმარტავს ირაკლი ცერცვაძე.
რაც შეეხება “ოქროს ფოთლის” სამომავლო გეგმებს, კომპანიის მფლობელის თქმით, მზა პროდუქცია ბაზარზე „ოკაცეს“ ბრენდით გამოვა.
“პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საგარეო ბაზრებზე ვგეგმავთ, თუმცა აქცენტი ექსპორტზე კეთდება. საწყის ეტაპზე მოლაპარაკებები გვქონდა შუა აზიის ქვეყნებთან, სადაც შედარებით მარტივი მოთხოვნებია. სანამ საწარმო სრულად სტანდარტიზებული გახდება, შუა აზიაზე ვიქნებით ორიენტირებული, საბოლოო ჯამში კი, ევროპისა და ამერიკის ბაზრებსაც პერსპექტიულად განვიხილავთ, რადგან იქ მოთხოვნა მაღალია,“ - აცხადებს ირაკლი ცერცვაძე.
სეზონურად კომპანია 35–40 ადამიანს ასაქმებს, საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი მუდმივად 10–15 ადამიანი დასაქმდება. BMG-თან ინტერვიუში ირაკლი ცერცვაძემ ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რის გამოც კომპანია კრეფის პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაადვილებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ოქროს ფოთოლი” წევრია ქართულო ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“, რომელიც 2026 წლის იანვარში შვეიცარიული ორგანიზაცია “ჰელვეტასის” ტექნიკური დახმარებით შეიქმნა. „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ (GRT) არის კოლექტიური მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 35 ჩაის მწარმოებელსა და ასევე სხვა ასოციაციის ხელმძღვანელებს. ორგანიზაცია ჩაის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებისა და ქართული ჩაის ერთიანი იდენტობით პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. "ჩაის რესპუბლიკის" წევრი ქართული ჩაის მწარმოებლები საერთო ბრენდის შექმნას გეგმავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge