
„პაპა კარლო“ SPAR-თან ერთად ბრუნდება - რა შეიცვლება დოლიძის ქუჩაზე მოქმედ ისტორიულ მაღაზიაში
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქმედი ცნობილი სასურსათო მარკეტი „პაპა კარლო“ SPAR-ის ქსელში გაერთიანდა. 30-წლიანი ისტორიის მქონე მაღაზია ახალ სავაჭრო კონცეფციას შეიძენს და დეკემბრის ბოლოს განახლებული ფორმატით გაიხსნება, თუმცა ისტორიულ სახელსა და ლოგოს შეინარჩუნებს.
როგორც BM.GE-ს “დეილი ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორმა თათული გულბიანმა განუცხადა, ცვლილებების პროცესში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სავაჭრო სივრცის განვითარება, არამედ იმ ისტორიისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირის შენარჩუნებაც, რომელიც „პაპა კარლოს“ სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოუყალიბდა.
“პაპა კარლო” დოლიძის ქუჩის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა, რომელსაც 30-წლიანი ისტორია და ამ უბნის მცხოვრებლებთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ სივრცის განვითარების პროცესში შეგვენარჩუნებინა მისი სახელი და ის მნიშვნელობა, რომელიც მას წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მომხმარებლებისთვის ჰქონდა.
სწორედ ამ ხედვის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი ფორმატის მიუხედავად, მაღაზიისთვის „პაპა კარლოს“ სახელი და ლოგო შეგვენარჩუნებინა. ეს გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას იმ ადგილობრივი ისტორიებისა და ღირებულებების მიმართ, რომლებიც კონკრეტული უბნის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა თათული გულბიანმა.
განახლებული მაღაზია მომხმარებლებს SPAR-ის ქსელისთვის დამახასიათებელ სავაჭრო გამოცდილებას, პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და მომსახურების სტანდარტს შესთავაზებს. ამასთან, სივრცეში მოეწყობა მემორიალი.
თათული გულბიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი მომხმარებლების უკუკავშირმაც ითამაში:
„მომხმარებლებისგან მივიღეთ არაერთი უკუკავშირი „პაპა კარლოს“ დახურვასთან დაკავშირებით. ადამიანებმა გულისტკივილი გამოხატეს და გაგვიზიარეს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამ სივრცეს მათ ყოველდღიურობასა და პირად მოგონებებში. ამან კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ „პაპა კარლო“ მხოლოდ სავაჭრო ობიექტი არ ყოფილა, ის დოლიძის ქუჩის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მრავალი ადამიანის პირადი ისტორიების ნაწილი გახდა.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ამ ცვლილებისთვის ისეთი ფორმა მიგვეცა, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან ერთად, „პაპა კარლოს“ სახელის, ლოგოსა და ისტორიის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფდა. გვჯერა, რომ ბიზნესის განვითარება და ადგილობრივი ისტორიების შენარჩუნება ურთიერთგამომრიცხავი პროცესები არ არის. კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში იზრუნონ იმ სივრცეების ისტორიასა და მნიშვნელობაზე, რომლებიც კონკრეტული უბნისა და მისი მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს”.
დოლიძის ქუჩაზე SPAR-თან ერთად “პაპა კარლოს” მაღაზიის გახსნა “დეილი ჯგუფისთვის” ისტორიული სავაჭრო ადგილების განახლების პირველი პროექტია. კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მენეჯმენტში ანალოგიური პროექტების განხორციელებას სხვა უბნებშიც მოიაზრებენ.
“დეილი ჯგუფი” საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორში მოქმედი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც სუპერმარკეტების რამდენიმე ბრენდს, მათ შორის - SPAR-ს, “დეილის”, “კალათას” და “გვირილას” აერთიანებს. “პაპა კარლოს” SPAR-ის ქსელში ინტეგრირება ჯგუფის გაფართოების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯია.
BM.GE
წყარო: bm.ge