
პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას, ევროკავშირსა და აშშ-თან გაციებულ ურთიერთობებს S&P Global-ი მთავარ რისკებად ასახელებს
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო თავად რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა.
სააგენტოს შეფასებით, საქართველოსთვის რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა. თუმცა, ამასთანავე, S&P Global ქვეყნის საკრედიტო პროფილისთვის მნიშვნელოვან საშუალოვადიან რისკებად კვლავ პოლიტიკურ პოლარიზაციას, ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებას და მათგან გამომდინარე ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზე შესაძლო გავლენას ასახელებს.
შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია
S&P Global-ის შეფასებით, საქართველოში ბოლო თვეებში პოლიტიკური ვითარების გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება. 2024 წლის საარჩევნო ციკლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ოპოზიციური საპროტესტო აქციების ინტენსივობა თანდათან შემცირდა.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის ბოლოს პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტის ბოიკოტი დაასრულა და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა განაახლა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლობის ნაწილობრივ დაბრუნებად არის შეფასებული.
ამასთან, S&P-ის ინფორმაციით, მსხვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“, პარლამენტის ბოიკოტს კვლავ აგრძელებს.
S&P-ის შეფასებით, პოლიტიკური დაპირისპირება ამ ეტაპზე მთავრობის ყოველდღიურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად არ არღვევს.
ევროკავშირთან ურთიერთობები „მნიშვნელოვნად გაცივდა“
S&P Global-ის შეფასებით, შიდა პოლიტიკური პროცესები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზეც აისახა. სააგენტო განსაკუთრებით გამოყოფს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებას.
„ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაცივდა, გაწევრიანებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა კი ფაქტობრივად შეჩერებულია“, - აღნიშნავს S&P.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, 2024 წლის შუა პერიოდიდან, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების ნაწილი შეაჩერა, ასევე შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა და საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების ნაწილი შეაჩერა.
S&P-ის შეფასებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმალური მექანიზმები კვლავ მოქმედებს, თუმცა ინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი შენელებულია და ევროკავშირის მხრიდან პირობების დაწესება უფრო მკაფიო გახდა.
სააგენტო აღნიშნულ გარემოებებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ბოლო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირებს.
S&P-ის პროგნოზით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შეჩერებული დარჩება.
აშშ-სთან ურთიერთობებიც დაძაბულია
სააგენტოს შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ასევე დაძაბულია, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული პოლიტიკური შედეგები შედარებით შეზღუდულია.
S&P ყურადღებას ამახვილებს MEGOBARI Act-ზე, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, თუმცა კანონპროექტი მას შემდეგ სენატშია და მისი საბოლოო მიღების პერსპექტივა გაურკვეველია.
„ამ კონტექსტში და უფრო ფართო გლობალური გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ფონზე, საქართველო, როგორც ჩანს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მაღალი პრიორიტეტის საკითხს არ წარმოადგენს“, - წერს სააგენტო.
S&P-ის შეფასებით, ეს გარემოება ამცირებს უახლოეს პერიოდში ურთიერთობების დამატებითი ესკალაციის ალბათობას და შესაძლო გამწვავებას ძირითადად რიტორიკული ან საკანონმდებლო ნაბიჯების დონეზე ტოვებს.
სააგენტო ასევე მიუთითებს 2024 წლის ბოლოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ორი სახელმწიფო მაღალჩინოსნისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, კვლავ ძალაშია.
პოლიტიკური რისკები ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებზე
S&P Global-ის შეფასებით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება და შიდა პოლიტიკური გაურკვევლობა საქართველოს ეკონომიკისთვის საშუალოვადიან რისკებს ქმნის.
„ჩვენ კვლავ მივიჩნევთ გაზრდილ შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ცვლილებას საშუალოვადიან პერიოდში ზრდისა და ინვესტიციების კლების რისკებად“, - აღნიშნავს სააგენტო.
ამასთან, S&P ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ ფაქტორებს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ამ ეტაპამდე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
BM.GE
წყარო: bm.ge