
პოლისების გაძვირება ბაზრის ბუნებრივ ტენდენციად რჩება - გაძვირდება თუ არა წელს სადაზღვევო პოლისი?
პოლისების გაძვირება საქართველოში მიზანმიმართულად დაგეგმილი პროცესი არ არის, თუმცა ბაზრის დინამიკა და ეკონომიკური ფაქტორები ფასებზე მაინც ახდენს გავლენას, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები შუამავლის როლს ასრულებენ კლინიკებსა და მომხმარებლებს შორის, ამიტომ სამედიცინო სერვისების გაძვირება ავტომატურად აისახება პოლისების ღირებულებაზეც. მისი განმარტებით, ეს პროცესი, როგორც წესი, წლიურ ციკლზეა მიბმული და პოლისის განახლებისას ფასიც შესაბამისად იცვლება.
"რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, რამდენით გაძვირდება პოლისები, თუმცა გარკვეული ზრდის მოლოდინი ყოველთვის არსებობს. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ინფლაცია ფიქსირდება, პოლისების ფასებიც გარკვეულწილად მიჰყვება ამ ტენდენციას. მთავარია, ეს ზრდა არ იყოს ზოგადი ეკონომიკური დინამიკიდან ამოვარდნილი", - აღნიშნავს ონოფრიშვილი.
მისივე ინფორმაციით, პარალელურად იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, რაც ფასების ზრდის ნაწილობრივ კომპენსაციას ახდენს. მისი ინფორმაციით, საჯარო სექტორში ხელფასები ბოლო წლებში საშუალოდ 10%-ით იზრდება, კერძო სექტორში კი - კიდევ უფრო მეტად.
რაც შეეხება ტენდენციას, ონოფრიშვილი მიმდინარე წლის 5 თვის შეფასებისას აღნიშნავს, რომ სექტორმა წელს 15%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო წლების ტენდენციას შეესაბამება.
მისი განმარტებით, ზრდა ყველა მიმართულებით ფიქსირდება, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევაში. პარალელურად, მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რის შედეგადაც დაზღვეული ვიზიტორების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა.
"ეს ზომა საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. მსგავს წესებს სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით და ეს როგორც რისკების მართვის, ისე ბაზრის განვითარების თვალსაზრისით სწორი ნაბიჯია", - ამბობს ის.
სექტორის შეფასებით, სადაზღვევო ბაზარს ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალი აქვს. ონოფრიშვილი აღნიშნავს, რომ მომდევნო ხუთ წელში ბაზრის მინიმუმ გაორმაგება და პროდუქტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაა მოსალოდნელი. ამასთან, სწრაფად იზრდება დიგიტალიზაციის წილი - მომხმარებლები პოლისებს სულ უფრო ხშირად ონლაინ არხებით ყიდულობენ და სხვადასხვა შეთავაზებებს ციფრულად ადარებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge