მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პოზიტიურად განცვიფრებული ვარ. ამას 6 წლის წინ ვლაპარაკობდი" - გიორგი ქობულია შუამავლების ჩახსნაზე
"პოზიტიურად განცვიფრებული ვარ. ამას 6 წლის წინ ვლაპარაკობდი" - გიორგი ქობულია შუამავლების ჩახსნაზე

"პოზიტიურად განცვიფრებული ვარ. ამას 6 წლის წინ ვლაპარაკობდი" - გიორგი ქობულია შუამავლების ჩახსნაზე

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 22:04|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დადებითად აფასებს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის ჩახსნას და მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები სხვა სფეროებშიც საჭიროა. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ირაკლი კობახიძის 7 ოქტომბრის განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს.

ქობულია იხსენებს, რომ მინისტრობის დროს თავად ჰქონდა ეს ინიციატივა, თუმცა აუხსნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.

"როდესაც მე ვთქვი, რომ უნდა ამოვაგდოთ ეს [ელექტროენერგიასთან დაკავშირებული] შუამავალი კომპანია, ჩემთვის იყო ნათლად ახსნილი, რომ ეს არ მოხდება და მორჩა. საერთოდ ვერ გაიგეს, რატომ მინდოდა ამ კომპანიის ამოგდება. ეს არის მსოფლმხედველობის პრობლემა. დღეს ჩვენი მმართველი პარტიის მსოფლმხედველობა არ იღებს იმას, რომ კორუფციის გარეშე შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა საქმეები. ეს ხომ კორუფციაა, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ... მათ მსოფლმხედველობაში წერია, რომ ყველგან ასეა - საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში... და როდესაც ხალხი ათეულობით წელი ფიქრობს, რომ ეს ასეა ყველგან, მათი აზრის შეცვლა შეუძლებელია, რომ ამერიკაში არ არის კორუფციული გარიგებების შუამავალი კომპანიების ჩართვით. სანამ ჩვენ ამას არ შევცვლით ჩვენ თავებში, არაფერი შეიცვლება. ამას სჭირდება უფრო პროგრესული ხელისუფლების მოსვლა ამ ხელისუფლების მაგივრად",- ამბობს ქობულია.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილების ახლა მიღების მოტივაციის და რეალურად მოსალოდნელი შედეგის შესახებ, ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასარგებლოა, თუმცა საჭიროა სისტემური ხასიათის ცვლილება.

"აბსოლუტურად მივესალმები იმას, რაც ხდება. მე არ ვიცი ეს რიტორიკის დონეზეა თუ რის. მაგალითად ახლა აზერბაიჯანში რომ ჩაიხსნას შუამავალი კომპანია, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ჩვენმა ქვეყნებმა სარგებელი ნახა. რუსეთში რომ არ ხსნის შუამავალ კომპანიას, რომელსაც შვილობილს ეძახის, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს იმაში, რომ რეალურად აქ არის თუ არა სისტემური მიდგომის შეცვლა, თუ უბრალოდ იმ ადამიანებთან, ვინც იყვნენ ჩარეული აზერბაიჯანულ ექსპორტში, რაღაცა ვერ დაულაგდათ ან რაღაცა უთანხმოება მოუვიდათ იმ შუამავალი კომპანიის მფლობელებთან და აქციონერებთან ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენ ახლა როცა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანიდან ჩაიხსნა, რკინიგზაში შუამავლები ჩახსნეს, ფოსტაში ჩახსნეს, ეს რა თქმა უნდა უკვე დიდი პროგრესია, მივესალმოთ და ნუ დავკარგავთ. მე როგორც ვიცნობ დღევანდელი ხელისუფლების მენტალიტეტს, პოზიტიურად ვარ განცვიფრებული, როგორ მივიდნენ მაგ აზრამდე, რომ ამოეგდოთ ეს შუამავალი კომპანიები. მე ვლაპარაკობდი ამას ექვსი წლის წინ და გასაგებია, რომ ყველამ იცოდა. დღეს რომ აქამდე მივიდნენ, ეს რა თქმა უნდა დიდი პროგრესია, მაგრამ მე მგონია, რომ რადიკალურად რომ შეცვალოს სისტემურად, ცოტა პროგრესული მენტალიტეტის ხალხი არის საჭირო.

მივმართავ ხელისუფლებას და ვულოცავ ამ პოზიტიურ ნაბიჯებს, შესანიშნავი პროგრესი არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მათ მსოფლმხედველობის კონტექსტს. მოვუწოდებ, რომ გადადგან შემდეგი ნაბიჯები, გადახედონ ყველა სფეროს, სადაც ლიცენზირება არის სახელმწიფოს მხრიდან, წიაღისეულის ჩათვლით და სადაც არის ნებართვები, მშენებლობების ჩათვლით. აი ამ სფეროებს გადახედონ და დაინახონ რამდენი პოტენციურად სიმახინჯე შეიძლება ხდებოდეს იქაც. ახლა ამას რომ ვლაპარაკობთ, მესმის, ისინი ფიქრობენ, შეიძლება გვინდა კიდევაც, რომ გადავხედოთ, მაგრამ პარტია ხომ უნდა დავაფინანსოთ რაღაცნაირად, ვინც შუამავლები არიან, ეგენი ხომ არიან ძირითადი შემომწირველები? ამაზე ვუპასუხებ, რომ დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პოზიცია ძალიან ძლიერია. მგონი, ამ პოზიციის სიძლიერის გამოც დაიწყეს ასეთი რაღაცის კეთება. მათ არ უნდა შეეშინდეთ დღეს, რომ რადიკალური ნაბიჯები გადადგან, ჩახსნან ეს შუამავლები და ნელ-ნელა დღეს კარგი მომენტი აქვთ, მაგალითად, შეეცადონ, რომ ჩვენ გადავიდეთ პოლიტიკური პარტიების უფრო ცივილურ ფინანსირების გზებზე და არა ის, რომ თქვენ ჩართავთ ვიღაცას კორუფციულ სქემებში და მერე ის საპირწონედ რაღაცას შემოიტანს. გადავიდეთ იმაზე, რომ ვუთხრათ ჩვენ ბიზნესს, თქვენ უნდა ისწავლოთ მუშაობა იმის გარეშე, რომ არ ელოდოთ სახელმწიფოსგან რაღაც პირობებს და რომელიც არ გეკუთვნით, უნდა ისწავლოთ მუშაობა რეალურ კონკურენტულ სფეროში",- ამბობს გიორგი ქობულია.

ის განმარტავს, რომ სარგებელი, რაც პოტენციურად შეიძლება შუამავალი კომპანიების გამოყენებას უკავშირდებოდეს, საქართველომ ვერ მიიღო. კითხვაზე, რამდენად ხედავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში შუამავლის გარეშე მუშაობის კომპეტენციას, ექსმინისტრი ასე პასუხობს:"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ საკმარისი კომპეტენცია, რომ ასეთი ხელშეკრულებები გააფორმონ. არცერთ ხელშეკრულებაში არაფერი რთული არ არის. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვას ხუთი წუთი დალაპარაკება სჭირდება აზერბაიჯანის მხრიდან კომპანიასთან, სადაც ის გეტყვის, რამდენ ცენტში მოგაწვდის ელექტროენერგიას, ეს იწერება კონტრაქტში, არანაირი პრობლემა მანდ არ არის",- ამბობს ქობულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„კრიპტომატი“ „ბიტექსჩეინჯის“ ბრალდებებს პასუხობს - განცხადება

„კრიპტომატი“ „ბიტექსჩეინჯის“ ბრალდებებს პასუხობს - განცხადება

BM.GE

ჩეხური Škoda Group ბაქოში სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებასა და ტექნიკურ მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს

ჩეხური Škoda Group ბაქოში სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებასა და ტექნიკურ მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს

BM.GE

საქართველო რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულშია - NF Lemons Group

საქართველო რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულშია - NF Lemons Group

BM.GE

15 ოქტომბერს, დიღომში გაზი დროებით 14 000 აბონენტს შეუწყდება - მიზეზი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებია

15 ოქტომბერს, დიღომში გაზი დროებით 14 000 აბონენტს შეუწყდება - მიზეზი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებია

BM.GE