
პრემიერის განცხადება სიღარიბის შემცირებაზე — რას გვიჩვენებს რეალური სურათი და რის ხარჯზე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს და ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედეგად სიღარიბის შემცირება დაასახელა. მისი თქმით, „სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1%-ს შეადგენს, 2020 წლის 21.3%-თან შედარებით“.
BMG-მ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული განცხადება სიმართლეს და რა მდგომარეობაა ქვეყანაში სიღარიბის მხრივ.
სტატიაში გაანალიზებულია საქსტატისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები - აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, ასევე სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც როგორც უკიდურეს, ისე უფრო ფართო სიღარიბის მასშტაბს ასახავს. ასევე, შევეცადეთ გაგვეცა პასუხი კითხვაზე - რა ფაქტორები ახდენს გავლენას საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე.
აბსოლუტური სიღარიბე
აბსოლუტური სიღარიბე ასახავს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს - აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი 2025 წელს 300 ლარამდე იყო. აბსოლუტური სიღარიბის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ერთი მაჩვენებელი ქვეყანაში სიღარიბის სრული სურათის შესაფასებლად არასაკმარისია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონემ 7.1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ხუთწლიან პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის დონე 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებს ზუსტად ასახელებს. თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტური, ანუ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელზე. ამასთან, სიღარიბის დონის მხოლოდ ამ მაჩვენებლით შეფასება გადაჭარბებულ სურათს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ პრემიერი შედარებისთვის 2020 წლის მაჩვენებელს იყენებს, ანუ იმ პერიოდის, როცა პანდემიის გამო ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბე გაიზარდა. თუ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონე მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა - 19.5%-დან 7.1%-მდე.
პრემიერი აბსოლუტური სიღარიბის დონის კლებას ცალსახად ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რა ფაქტორები განაპირობებს ამ ცვლილებას.
უკიდურესი სიღარიბის შემცირება, ძირითადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას უკავშირდება, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური ტრანსფერებით არის განპირობებული. პანდემიის შემდგომ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სოციალური დაცვის პროგრამებმაც მოახდინა, მათ შორის - საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდამ, ბავშვთა ფულადმა დახმარებამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ და სხვა.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატი BMG-სთან განმარტავს, რომ 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა 2025 წლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ამ განახლებულ მონაცემს ჯერ არ ეყრდნობა — ის კვლავ ძველი, აღწერამდელი მოსახლეობის რაოდენობის საფუძველზეა გამოთვლილი, რათა 2025 წლის მაჩვენებელი წინა წლების მონაცემებთან შესადარისი დარჩეს. საქსტატის განმარტებით, შემდგომ წლებში სააგენტო გადავა განახლებულ მოსახლეობის დინამიკაზე და, შესაბამისად, გადაანგარიშდება წინა წლების მაჩვენებლებიც.
რა ფაქტორებს უკავშირებენ აბსოლუტური სიღარიბის კლებას?
საქსტატის წარმომადგენელი, ვასილ წაქაძე, BMG-სთან განმარტავს, რომ უწყება სპეციალურად ამ საკითხზე ფოკუსირებულ კვლევას არ ატარებს, თუმცა, მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებლის კლება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული - მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მშპ-ის ზრდასთან, ხელფასების მატებასთან, ასევე სოციალურ დახმარებებსა და პენსიებთან. მისი თქმით, ყველა ეს ფაქტორი ერთად, ჯამურად განაპირობებს სიღარიბის შემცირებას - სიღარიბეზე გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ტიპის შემოსავლები.
სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებული მოსახლეობა
ხუთწლიან პერიოდში, რომელზეც პრემიერი საუბრობს, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება დიდწილად სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების ზრდას უკავშირდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში სოციალურად დაუცველ პირთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა 708,017 ადამიანს (184,348 ოჯახს) შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 19.1%-ია. 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 280,644 ადამიანით, ანუ დაახლოებით 65.6%-ით გაიზარდა.
ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა ლოგიკურად ოჯახების მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობის ზრდას უკავშირდება. აქვე უნდა ითქვას, რომ პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის თანმიმდევრულმა გაფართოებამ იქონია. პანდემიის პერიოდში დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ხოლო ახალი განცხადებები მყისიერად განიხილებოდა, რასაც სოციალურად დაუცველთა რეკორდული ზრდა მოჰყვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და 2025 წელს მაქსიმუმს მიაღწია.
ცალკე უნდა აღინიშნოს ბავშვთა დახმარების პროგრამის დინამიკა. 2021 წელს ბავშვთა დახმარების მიმღებთა კატეგორია გაფართოვდა — თუ ადრე დახმარებას მხოლოდ 100,000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები იღებდნენ, 2021 წლის 1 ივლისიდან ზღვარი 120,000 ქულამდე აიწია. იზრდებოდა თავად დახმარების ოდენობაც: 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს — 150 ლარს, ხოლო 2023 წლის 1 ივლისიდან 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიურად უკვე 200 ლარს იღებენ.
2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც 2026 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. პროგრამა სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობდა. პროგრამაში ჩართული პირები საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებდნენ, ხოლო მათ ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ, მიუხედავად საოჯახო შემოსავლის ცვლილებისა.
2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300-ლარიანი პროგრამის ბიუჯეტმა 112.8 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ იყო.
სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე სოციალურად დაუცველთა გარკვეულმა ნაწილმა შემოსავლისა და ხარჯვის დონით გადააჭარბა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკიდან ამოვიდა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე რეალურად დაძლიეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის შემოსავალი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებზე და მათი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდნენ.
ამრიგად, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფმა სიღარიბე რეალურად დაძლია.
აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე გავლენას სხვა სოციალური გასაცემლებიც ახდენს, მათ შორის, ასაკობრივი პენსია. ბოლო წლებში პენსიის თანმიმდევრული ზრდა ერთ-ერთ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ, რაც მოსახლეობის ნაწილს აბსოლუტური სიღარიბის ზღვრის გადალახვაში დაეხმარა. თუმცა მხოლოდ პენსიაზე დამოკიდებული პენსიონერები, შესაძლოა, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდებოდნენ, მაგრამ ეს ჯგუფი კვლავ ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რჩება.
ფარდობითი სიღარიბე
თუ აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, ვინ გადალახა უკიდურესი სიღატაკის ზღვარი, ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს, რამდენად დაუახლოვდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ქვეყნის საერთო კეთილდღეობის დონეს.
ფარდობითი სიღარიბის ზღვარი მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების (სამომხმარებლო ხარჯების) 40%-სა და 60%-ს შეადგენს.
2019-2025 წლებში მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლები მოხმარების მქონე მოსახლეობის წილი 20.1%-დან 17.3%-მდე, ანუ 2.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, 2025 წელსაც მოსახლეობის მეექვსედზე მეტი ამ ზღვარს ქვემოთ რჩებოდა.
მედიანური მოხმარების 40%-იან ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი კი 7.4%-დან (2019) 5.2%-მდე (2025), ანუ 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
საბოლოოდ, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებმა აჩვენა, რომ 2019-2025 წლებში დაბალი მოხმარების მქონე მოსახლეობის წილი შემცირდა. თუმცა, 2025 წელსაც მოსახლეობის 17.3% მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა, რაც მიუთითებს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ქვეყნის საერთო მოხმარების დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გრაფიკი 2: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა (upper-middle-income). თუმცა, საერთაშორისო სიღარიბის ზღვრის მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაბალი მოხმარების დონეზე ცხოვრობს.
მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 45.6% დღეში 8.30 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. ეს არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის განსაზღვრული საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი. უფრო დაბალი ზღვრის, ანუ დღეში 4.20 PPP დოლარის ქვემოთ მოსახლეობის 11% იმყოფება, ხოლო დღეში 3 PPP დოლარზე ნაკლებს 4.2% მოიხმარს.
საქსტატის განმარტებით, დღეში 8.30 PPP დოლარი თვეში 310.8 ლარს, 4.20 PPP დოლარი — 157.3 ლარს, ხოლო 3 PPP დოლარი — 112.3 ლარს შეესაბამება. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია და სიღარიბის შემცირების მხრივაც დადებითი დინამიკაა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი (45.6%) სიღარიბეში რჩება.
გრაფიკი 3: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი; საქსტატი
რას ამბობს მსოფლიო ბანკი საქართველოში სიღარიბის შემცირებაზე
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მცირდება მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და [სოციალური] პოლიტიკის მხარდაჭერის ფონზე, თუმცა მოსახლეობის მოწყვლადობა კვლავ არსებობს. სიღარიბის მაჩვენებელი (45.6%) მაღალი რჩება საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის კატეგორიისთვის.
მსოფლიო ბანკის ანალიზის თანახმად, პანდემიის შემდგომ პერიოდში სიღარიბის შემცირებას ხელი შეუწყო როგორც რეალური ხელფასების ზრდამ, ისე პენსიების მატებამ და სოციალური დაცვის პროგრამების გაფართოებამ. მიზნობრივმა სოციალურმა დახმარებამ ეფექტიანად მიაღწია ღარიბ ოჯახებამდე, თუმცა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მისი მოცვა კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს.
ამასთან, მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები მოწყვლადი ოჯახებისთვის ახალ რისკებს ქმნის. განსაკუთრებით საყურადღებოა ინფლაციის დაჩქარება, რომელიც ძირითადად სასურსათო ფასების მატებით არის გამოწვეული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სწორედ ეს კომპონენტი ამცირებს ღარიბი ოჯახების მსყიდველუნარიანობას და შესაძლოა ნაწილობრივ გაანეიტრალოს ხელფასების ზრდით მიღებული სარგებელი.
დასკვნა
პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები, სიღარიბის 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირება, საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. ამასთან, პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც მკაფიო გაუმჯობესებას აჩვენებს. თუმცა, მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას მივაწეროთ. სიღარიბის შემცირებაზე გავლენას ახდენდა როგორც მაკროეკონომიკური ფაქტორები, ისე სოციალური ტრანსფერები და სახელმწიფო პროგრამები — საარსებო შემწეობა, ბავშვთა დახმარება, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და პენსია.
ამასთან, აბსოლუტური სიღარიბის, ანუ უკიდურესი სიღატაკის შემცირება მხოლოდ ერთი ინდიკატორია. ამ პერიოდში, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც შემცირდა, თუმცა გაცილებით ნაკლებად. ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი (17.3%) მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.
საერთაშორისო სიღარიბის ზღვრის მიხედვითაც, საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს მოსახლეობის 45.6% დღეში 8.30 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უკვე საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია.
შესაბამისად, სიღარიბის სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს გაუმჯობესებას, თუმცა მისი მასშტაბის შეფასება მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლით არასრულია. ეკონომიკურმა ზრდამ და სოციალური პოლიტიკის ზომებმა მოსახლეობის ნაწილის სიღარიბის ზღვრის გადალახვას შეუწყო ხელი, მაგრამ ფარდობითი და საერთაშორისო მაჩვენებლები აჩვენებს, რომ დაბალი მოხმარებისა და ეკონომიკური მოწყვლადობის პრობლემა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ამრიგად, პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვი სწორია, თუმცა ამ მონაცემებს იგი მანიპულაციურად იყენებს. სიღარიბის შემცირება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შედეგი არ ყოფილა - მასზე გავლენა სოციალურმა პროგრამებმა და გაზრდილმა დახმარებებმაც იქონია. ამასთან, მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლით სიღარიბის დონის შეფასება რეალურ მდგომარეობაზე არასრულ სურათს ქმნის და სიღარიბის შემცირების მასშტაბს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.
BM.GE
წყარო: bm.ge