
"პრიორიტეტები გადაიხედა" - დავით ნარმანია ელექტროსისტემის საინვესტიციო გეგმის 9%-იან შესრულებაზე
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გეგმის დაბალ შესრულებას პრიორიტეტების გადახედვას უკავშირებს. მან საკითხზე BMG-სთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ 2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" 231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა.
კითხვაზე, რა იწვევდა პროცესის შეფერხებას და რამდენად არის პროექტების დაჩქარების პერსპექტივა, ნარმანია ამბობს, რომ ბევრი პროექტი დაკონტრაქტებულია, ბევრზე მიმდინარეობს პროცედურები და მოსალოდნელია, რომ ტემპი დაჩქარდება.
"სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტმა გადახედა თავის გეგმებს და პრიორიტეტებს. უმთავრესი პრიორიტეტი, ეს არის არსებული ქვესადგურების და სისტემის გადაიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც მომავალში ინვესტიციები განხორციელდება იმ ქვესადგურებში და გაძლიერდება ის ქვესადგურები და ხაზები, საიდანაც გამოსატანი იქნება ახალაშენებული გენერაციის ობიექტების მიერ წარმოებული ენერგია. აქედან გამომდინარე, სწორედ ის გადალაგება, რომელიც მოხდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში, ემსახურებოდა იმას, თუ რომელი პროექტი იყო სიცოცხლისუნარიანი, რომელი შენდებოდა, რომ იმის შესაბამისად აეშენებინათ ქვესადგურები და გადამცემი ხაზები და არ აეშენებინათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში შესაძლოა არ ყოფილიყო გამოყენებული.
ძველი მენეჯმენტის პირობებში სხვადასხვა ტიპის პროექტები უფრო დივერსიფიცირებულად იყო დაგეგმილი სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა ზოგიერთი პროექტი მხოლოდ დეველოპერებს ჰქონდათ ქაღალდზე და არ ჰქონდათ რეალური სამუშაოების შესრულებული, ანუ არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან იჯარით, არ ჰქონდათ ეფექტური პროექტები მომზადებული, არ ჰქონდათ სამშენებლო ეტაპზე გადასული ეს პროექტები და შესაბამისი საბანკო გარანტიები წარდგენილი. ამიტომ, ასეთი ტიპის პროექტებისთვის შესაბამისი ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
ამას შეფერხებას ვერ დავარქმევთ, ეს იყო ამ პრიორიტეტების გადახედვა და იქიდან გამომდინარე, მერე უკვე რამდენიმე პროექტი გაუქმდა. ახლა უკვე, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი დაკონტრაქტებულია, ბევრზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ასე რომ ტემპი იქნება მაღალი", - ამბობს ნარმანია.
მისივე თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემა გამართულ რეჟიმში მუშაობს.
"სახელმწიფო ელექტროსისტემის რაიმე ფორმის მნიშვნელოვანი ავარია, რომელმაც ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები გამოიწვია, ბოლო პერიოდში არ მახსენდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მოხმარება იზრდება და, მეორე მხრივ, ახალი გენერაციის ობიექტები შენდება, ეს იწვევს აუცილებლობას, რომ არსებული ქვესადგური გაძლიერდეს, გადაიარაღდეს, ახალი ქვესადგურები აშენდეს და ასე შემდეგ და ამას ემსახურება ახალი პროექტები, რომლებიც არის დაწყებული", - აცხადებს ნარმანია.
BM.GE
წყარო: bm.ge