
პროექტ Grand Millennium Kobuleti-ს ფარგლებში KBK Development-მა და ნატახტარის აეროპორტმა მემორანდუმი გააფორმეს
კომპანია KBK Development-მა და AK Air Georgia-ის მმართველობაში არსებული ნატახტარის აეროპორტმა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება დეველოპერული პროექტის Grand Millennium Kobuleti-ის ფარგლებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
როგორც კომპანიაში BM.GE-სთან აცხადებენ, რომ საქართველოში პრემიუმ კლასის დეველოპერულ პროექტსა და საავიაციო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის პარტნიორობის პრეცედენტი პირველად ხორციელდება.
KBK Development-ში განმარტავენ, რომ თანამშრომლობის მთავარი მიზანია მომსახურების ჯაჭვის აეროპორტიდან დაწყება და სტუმრისთვის ერთიანი, უწყვეტი სერვისის გამოცდილების შექმნაა ისე, რომ სტუმრის მიღების პროცესი ჯერ კიდევ საჰაერო გადაადგილების ეტაპზე დაიწყოს და საბოლოო დანიშნულების წერტილამდე - რეზიდენციებამდე, თანმიმდევრულად გაგრძელდეს.
KBK Development-ის მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ოქროპილაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ Grand Millennium Kobuleti ახალი საინვესტიციო კონცეფციის პროექტს წარმოადგენს, რომლის მენეჯმენტსაც გლობალური ბრენდი Millennium Hotels & Resorts ახორციელებს და რომელიც საქართველოში პირველად სწორედ ქობულეთში იწყებს ოპერირებას.
"ეს საქართველოში "გრანდ მილენიუმის" პირველი გამოჩენაა და ის, რომ პირველი ლოკაცია ქობულეთია, შემთხვევითი არ ყოფილა. ამ ნაბიჯით ვქმნით უწყვეტ ჯაჭვს, სადაც მაღალი ხარისხის სერვისი უკვე აეროპორტიდან იწყება და მომხმარებელს სასტუმრომდე მიჰყვება", - განაცხადა დიმიტრი ოქროპილაშვილმა.
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა AK Air Georgia-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან მაწიაშვილმაც. მისი თქმით, ეს კოლაბორაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სერვისის გაუმჯობესების, არამედ შიდა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
"ჩვენთვის დიდი პატივია, როცა პრემიუმ კლასის პროექტი სწორედ ჩვენთან ირჩევს თანამშრომლობას, მით უმეტეს, რომ საქართველოში მსგავსი კოლაბორაცია პირველად ხდება. ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ლოკალური ავიასერვისების განვითარებას და ტურისტული თუ საქმიანი გადაადგილებისთვის ახალ სტანდარტს შექმნის", - განაცხადა მან.