მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ჩაის მომავალი - მეწარმეების გაერთიანება „საქართველო-ჩაის რესპუბლიკა“, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად
ქართული ჩაის მომავალი - მეწარმეების გაერთიანება „საქართველო-ჩაის რესპუბლიკა“, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად

ქართული ჩაის მომავალი - მეწარმეების გაერთიანება „საქართველო-ჩაის რესპუბლიკა“, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 15:30|bm.ge

განვითარების ზუსტი სტრატეგია, გერმანული B2B შეხვედრები და ევროპული გამოცდილება, ამერიკის ბაზარი და „Amazon“-ის გლობალური პლატფორმა - ასე აჯამებს მეწარმეთა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ განვლილ წარმატებულ წელს. ქართველი მეწარმეები ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად, ერთიანი ბრენდის ქვეშ პროდუქციის შექმნას აპირებენ და ქართული ორგანული ჩაის პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრებას აქტიურად აგრძელებენ.

„ჩვენი მიზანია ქართულ ჩაის დავუბრუნოთ თავისი ისტორიული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, გავაძლიეროთ ფერმერები და შევქმნათ მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ერთიანი, თანამედროვე ბრენდ-ნარატივი“ - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

ჩაის მწარმოებელი კომპანიების გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის - HELVETAS-ის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას, ადგილობრივი მწარმოებლების გაერთიანებასა და სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

კომპანია „ოქროს ფოთლის“ დამფუძნებელი და „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ცერცვაძე ორგანიზაციასთან ერთად განვლილ წელიწადზე საუბრობს. მისი თქმით, ეს ერთი წელი დარგისთვის ნაყოფიერი და შედეგიანი იყო.

„ერთი წლის წინ შეიქმნა მეწარმეთა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“. ორგანიზაციამ წლის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა: მოხდა მეწარმეების კონსოლიდაცია; ჩამოყალიბდა ხედვა, თუ რა გზით უნდა ვიაროთ და განისაზღვრა პრიორიტეტები; მოხერხდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ორგანიზაციამ დონორის დახმარებით მოაწყო B2B შეხვედრები გერმანიაში, რისი შედეგიცაა ევროპული კომპანიების დაინტერესება ქართული პროდუქტით. დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე კამპანია, ქართული ჩაის ცნობადობის ამაღლებისთვის ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე. სამომავლოდ იგეგმება მსგავსი ღონისძიებების გაფართოება.

ორგანიზაცია გეგმავს საერთო ბრენდის ქვეშ ქართული პროდუქტის შექმნას. ვაპირებთ მოვაწყოთ სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ორგანიზაციაში გაერთიანებულ მეწარმეებს დაეხმარება ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში,“ - აცხადებს ირაკლი ცერცვაძე.

„ოქროს ფოთლის“ დირექტორმა სამომავლო გეგმებზე და ხედვებზე ისაუბრა. კომპანია გეგმავს საკუთარი საწარმოს სრულად აღჭურვას. მეწარმეს სურს, შექმნას ბრენდი, რომელიც პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდრებს ადგილს.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს: პირველ რიგში, ვგეგმავთ საწარმოს აღჭურვას უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასად, სადაც ტექნოლოგიების როლი იქნება გადამწყვეტი. პრემიუმ სეგმენტისთვის გვინდა შევქმნათ ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ქართულ ჩაის აქვს პოტენცია, იყოს პრემიუმ კატეგორიის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მსოფლიოს ბაზრებზეც. ამას განაპირობებს ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობები და სუფთა, მინერალებით გაჯერებული ნიადაგი.

ქართულ ჩაის გააჩნია უნიკალური გემოვნური თვისებები - რბილი, ხავერდოვანი გემო, რასაც ზემოთ აღნიშნული გარემოებები განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული მწვანე ჩაის თვისებები და მისი შემადგენლობა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის კლიმატი - ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ჩრდილოეთ განედზე მდებარეობს. ჩაის მწარმოებელ ბევრს ქვეყანაში მეწარმეები ხელოვნური დაჩრდილვებით აგენერირებენ მწვანე ჩაიში იმ ნივთიერებებს, რომელიც

პროდუქტში გროვდება, ჩვენთან კი ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს,“ -აღნიშნა ირაკლი ცერცვაძემ.

დიდი და საინტერესო გეგმები აქვს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიის „გრინ გოლდის“ დამფუძნებელს ნიკა სიორიძეს.

„Greengold“-ის სტრატეგიული გეგმები ძირითადად საექსპორტო ბაზრებისკენ არის მიმართული. კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის 80-85% ევროპის 15-მდე ქვეყანაში იყიდება. საფრანგეთში ბრენდის მთავარი პარტნიორია ცნობილი კომპანია Palais des Thés. მიმდინარე წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „Helvetas“-ის მხარდაჭერით, მეწარმემ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ ჩაის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც მსხვილ ევროპელ იმპორტიორებთან საქმიანი კონტაქტები დაამყარა. რაც შეეხება შიდა ბაზარს, პროდუქცია ექსკლუზიური პარტნიორის, „La Familia“-ს ქსელით იყიდება.

ნიკა სიორიძე იყო საქართველოს ჩაის მწარმოებელთა გაერთიანების „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც დღეს 35 ფერმერს აერთიანებს.

კომპანიის განვითარების უახლესი და ყველაზე ამბიციური ეტაპი სრულიად ახალი საექსპორტო ბრენდის -„კავკასია“ (Caucasia) დაფუძნებაა. ამ მიმართულებით კომპანიამ მკაცრი საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილა.

„შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი «კავკასია» (Caucasia) და გამოვუშვით 2000 ცალი სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც 7 დასახელების მწვანე და 7 დასახელების შავ ჩაის შეიცავს. პროდუქციამ უკვე მიიღო ბიო/ორგანული და აშშ-ის FDA სერტიფიკატები. პირველი პარტია ამერიკაში უკვე გაგზავნილია და ახალ წლამდე «Amazon»-ის გლობალურ პლატფორმაზე ოფიციალურად განთავსდება“, - აცხადებს მეწარმე.

ნიკა სიორიძის და ირაკლი ცერცვაძის მაგალითები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სწორი მენეჯმენტით, სამეცნიერო მიდგომითა და ცოდნაზე დაფუძნებული შრომით ათწლეულების წინ მიტოვებული ინდუსტრია თანამედროვე, გლობალურ ბაზრებზე ორიენტირებულ წარმატებულ ბიზნესად იქცეს. „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ ერთი წლის შედეგები მხოლოდ დასაწყისია - გაერთიანება მზად არის, ქართული ჩაის უნიკალური პოტენციალი მსოფლიო რუკაზე ახალი, პრემიუმ ხარისხის სტანდარტით დააბრუნოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

BM.GE

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE

II-VI კლასის მოსწავლეების სკოლის ფორმების შეძენას დღეიდან შეძლებენ | საგანმანათლებლო რესურსები

II-VI კლასის მოსწავლეების სკოლის ფორმების შეძენას დღეიდან შეძლებენ | საგანმანათლებლო რესურსები

BM.GE

9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა | TBC Capital

9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა | TBC Capital

BM.GE