
ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში დასამკვიდრებლად სახელმწიფოს ხელშეწყობაა საჭირო - "ხომლის მარანი"
დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარი თავისი მკაცრი სტანდარტებითა და დახვეწილი გემოვნებით ქართული მეღვინეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, თუმცა რთულად ასათვისებელ სივრცეს წარმოადგენს - ამის შესახებ "ხომლის მარნის" დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და ბრიტანეთში ექსპორტის უპირატესობებსა და იმ მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე აწყდება.
თამაზ ომანაძის შეფასებით, ბრიტანეთის ბაზრის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ლონდონი მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში თამაშის წესებსა და ტენდენციებს განსაზღვრავს. შესაბამისად, იქ მოპოვებული წარმატება სხვა წამყვანი საერთაშორისო ბაზრების კარსაც აღებს.
"ბრიტანეთის ბაზარი მეღვინეობაში თავისი დახვეწილი გემოვნებითა და მკაცრი სტანდარტებით სწორედ ის სივრცეა, სადაც ქართულმა ღვინომ ადგილი უნდა დაიმკვიდროს, წარმოაჩინოს თავისი უნიკალურობა და დაამტკიცოს ის. ლონდონი მსოფლიო ღვინის ბაზრის "ტრენდსეტერია" - თუ პროდუქტი წარმატებულია ლონდონში, მას ავტომატურად ეძებენ და აფასებენ ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში და ა.შ. მეღვინეობისთვის ლონდონის ბაზარი ფაქტობრივად ტრამპლინია", - აღნიშნავს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი.
ომანაძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მაღალი საფასო სეგმენტის ბრიტანელი მყიდველი და ღვინის ექსპერტები პროდუქტში არა უბრალოდ სასმელს, არამედ იდენტობასა და ისტორიას ეძებენ. მისი თქმით, ლეჩხუმში მოყვანილი უძველესი ჯიშის ღვინის შესვლა ლონდონის ისეთ გლობალურად ცნობილ ბუტიკში, როგორიც "ჰედონიზმია" (Hedonism Wines), სწორედ ამ უნიკალურობის დაფასების შედეგია.
"ჩემს შემთხვევაში ეს არ ყოფილა უბრალოდ ექსპორტი - ეს იყო ისტორია იმისა, თუ როგორ დაიმკვიდრა ადგილი ლეჩხუმში, ქართულ მიწაზე მოყვანილმა უძველესმა ჯიშმა და კულტურამ და როგორ შევიდა ის ისეთ გლობალურად ცნობილ ღვინის ბუტიკში, როგორიც "ჰედონიზმია". 500 და 900 ფუნტად ბრიტანელი სომელიე თუ ღვინის ექსპერტი ამ ღვინოს არ შეიძენს, თუ არ ეძებს ავთენტურობას, უნიკალურობასა და ისტორიას. ის არ ყიდულობს უბრალოდ ალკოჰოლს - ის ყიდულობს ისტორიას და იმ უნიკალურობას, რომლის ირგვლივაც ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს", - ამბობს თამაზ ომანაძე.
მიუხედავად დიდი პოტენციალისა, მეღვინე მთავარ პრობლემად ქვეყნის სავაჭრო-მარკეტინგულ სტრატეგიას ასახელებს. მისი აზრით, სახელმწიფო რესურსები არამიზნობრივად იხარჯება რაოდენობრივი ექსპორტის სტიმულირებაზე, მაშინ როცა საქართველოს კონკურენტული უპირატესობა სწორედ მაღალხარისხიანი, ნიშური და პრემიუმ პროდუქციაა.
"სამწუხაროდ, მიმდინარეობს ისეთი ტენდენცია, რომ აქცენტი რაოდენობაზეა გაკეთებული და სხვადასხვა ბაზარზე მასობრივად შესვლა სურთ. ამაში სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს - მას-მარკეტინგში, სადაც ადგილს ვერასდროს დავიმკვიდრებთ. ჩვენი ადგილი პრემიუმ კლასის სეგმენტია, რომელიც ეძებს ავთენტურობას, უნიკალურობას, ისტორიასა და უძველეს ჯიშებს. სწორედ იქ შეგვიძლია დავიკავოთ ჩვენი ნიშა და ქართული ღვინო მსოფლიო პრემიუმ სეგმენტის ნაწილად წარმოვაჩინოთ. ამისთვის, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაა საჭირო. ჩვენ არ ვითხოვთ პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, არამედ მარკეტინგისთვის გამოყოფილი თანხების სწორად განაწილებას", - აცხადებს ომანაძე.
"ანალიტიკას" ეთერში ყურადღება საქართველოში ბრიტანელი ტურისტების ზრდასა და იმ მოლოდინზეც გამახვილდა, რომ ადგილზე დაგემოვნებული ქართული ღვინო ბრიტანულ დახლებზე მოთხოვნას გააჩენდა. თუმცა, თამაზ ომანაძე ამბობს, რომ რეალობაში ეს ჯაჭვური რეაქცია არ მუშაობს, რისი მიზეზიც ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის არასაკმარისი პოპულარიზაციაა.
"ჩემს მაგალითზე ვიტყვი და ალბათ ზოგადადაც ასეა, რომ მსგავსი ჯაჭვი არ არსებობს. "ჰედონიზმში" მომხმარებელი არ შედის იმ მიზნით, რომ ქართული ღვინო ეძებოს. მე ადგილზე ვიყავი, ვნახე სიტუაცია და ბუტიკის წარმომადგენლებსაც ვესაუბრე. ასეთი დონის ბუტიკში ქართული ღვინოების ერთი კუთხეც კი არ არის, რადგან სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პიარი არ კეთდება. პირდაპირ გეტყვით, იქ ჩემი ღვინო სხვა ევროპული ღვინოების გვერდით იდო, არადა, იქ ღვინოს ვერ დადებ, თუ მინიმუმ ოთხსაფეხურიანი შემოწმება არ გაიარე", - აღნიშნავს მეღვინე.
მისივე თქმით, საქართველოში სტუმრად ჩამოსული ბრიტანელები და სხვა უცხოელი ტურისტები ადგილობრივი ღვინით აღფრთოვანებულები რჩებიან, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისი მოძიებისა და შეძენის სისტემური პრაქტიკა ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა: "ჩემთან სტუმრად ბრიტანელებიც ყოფილან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც; ისინი აქაური ღვინით გაოცებული და გაკვირვებული რჩებიან. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, ჩემს შემთხვევაში ვერ დავინახე ისეთი ჯაჭვი, რომ შემდეგ მომხმარებელი მივიდეს და ბრიტანულ დახლებზე ქართული ღვინო მოიძიოს".
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში მოგზაურთა ნაკადი მართლაც მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ბრიტანეთიდან საქართველოში 18,233 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (15,426) შედარებით 18.2%-ით მეტია და კვარტალურ ჭრილში რეკორდს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 9 თვის შედეგი უკვე აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის მთლიანი 12 თვის მაჩვენებელსაც - 37,478 ვიზიტს.
BM.GE
წყარო: bm.ge